ქართული ტელევიზორის მწარმოებელი კომპანიას AG Telekom-ს ქართული პლანშეტების წარმოების იდეაზე უარი არ უთქვამს. როგორც კომპანიის ხელმძღვანელი მიხეილ ღლონტი "ბიზნესკონტრაქტთან" აცხადებს, პლანშეტის სატესტო მოდელი უკვე შექმნილია, თუმცა, მის დამუშავებას რამდენიმე თვე დასჭირდება.
როგორც მიხეილ ღლონტი აცხადებს, ქართული პლანშეტი საუკეთესო ხარისხის პლანშეტების ხარისხის იქნება, თუმცა, დაახლოებით 50%-ით ნაკლები ეღირება, ვიდრე უცხოური ანალოგები.
კომპანიის ხელმძღვანელის თქმით, პლანშეტები შესაძლოა, სკოლისა და ინსტიტუტების სასწავლო პროგრამებსაც მოერგოს და დამხმარე სახელმძღვანელო იყოს მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის.
"გვინდა, რომ იყოს სხვადასხვა მოდიფიკაციის, სხვადასხვა ზომის პლანშეტები, განსხვავებული კამერების სიმძლავრით და ა.შ. ასევე გვქონდა შეხვედრა განათლების მინისტრთან, ჩვენ გავიგეთ მისი პოზიცია, როგორი უნდა იყოს პლანშეტები, რომლებიც შეიძლება სკოლისთვის და ინსტიტუტებისთვის. ძირითადი მორგება ალბათ მოხდება ამ მიმართულებით.
მე არ მგონია, რომ მთლიანად ელექტრონული სწავლება შემოვა, წიგნი წიგნად დარჩება, პლანშეტში უნდა იყოს დამხმარე, სანიმუშო მასალა. ეს არ უნდა იყოს მარტო სკოლისთვის, სტუდენტებისთვისაც საჭიროა",- განაცხადა მიხეილ ღლონტმა.
მისივე თქმით, პლანშეტის საბოლოო მოდელი, სავარაუდოდ, მომავალი სასწავლო წლისთვის იქნება მზად.