2016 წლის 1 სექტემბრიდან საჯარო რეესტრი მიწაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციას მხოლოდ ახალი სტანდარტის შესაბამისად შედგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის საფუძველზე განახორციელებს.
საჯარო რეესტრის ინფორმაციით, იმ პირებმა, რომლებსაც ძველი წესის შესაბამისად მომზადებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი აქვთ და სურთ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია, საჯარო რეესტრს უნდა მიმართონ 2016 წლის 1 სექტემბრამდე, ვინაიდან ამ თარიღის შემდეგ ძველი წესით შესრულებული ნახაზით რეგისტრაცია აღარ განხორციელდება.
"დადგინდა აზომვითი ნახაზის სტანდარტული ფორმა და სავალდებულო ტექნიკური სპეციფიკაციები, რომელთა შესაბამისად უნდა მომზადდეს მიწის ნაკვეთის საკადასტრო ნახაზი. ამზომველსა და მოქალაქეს შორის გაიმიჯნა პასუხისმგებლობა. უძრავი ნივთის ადგილმდებარეობასა და საზღვრის იდენტიფიცირებაზე პასუხისმგებელია მესაკუთრე, ხოლო აზომვითი სამუშაოების სრულყოფილად შესრულებასა და ნახაზის სისწორეზე კი - ამზომველი. ახალი სტანდარტები უფრო მეტად დაცულს ხდის როგორც მიწის მესაკუთრეების, ისე ამზომველების უფლებებს", - განმარტავენ უწყებაში.