Home
Category
TV Live Menu

პლანტას სასათბურე კომპლექსი პროდუქციის წარმოების გაორმაგებას გეგმავს

579c477e3d067
BM.GE
30.07.16 10:20
1438
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „ტრანსსასაზღვრო ეკონომიკური განვითარების პროექტის (CED)“ ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაცია Civil Development Agency (CiDA)-ს ინიციატივით „ქვემო ქართლისა და ტავუშის რეგიონებში ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის კონფერენცია“ გაიმართა. ღონისძიებას კერძო მეწარმეები, დამოუკიდებელი ექსპერტები, ადგილობრივი თვითმმართველობების და ორი ქვეყნის სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები დაესწრნენ.
 
„სიდას" მოწვევით კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო ქვემო ქართლის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინვესტორის საქართველოს თანაინვესტირების ფონდის სოფლის მეურნეობის და ლოჯისტიკის საინვესტიციო მიმართულების ასოცირებულმა დირექტორმა ანი ქობალიამ.

ანი ქობალიამ დამსწრე საზოგადოებას ფონდის საქმიანობა გააცნო და დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ქვემო ქართლის რეგიონში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ფონდის საინვესტიციო პროექტის, მაღალტექნოლოგიური სასათბურე მეურნეობის შესახებ, სადაც „პლანტას“ პროდუქცია იწარმოება.

როგორც თანაინვესტირების ფონდში განმარტავენ, „პლანტას“ სასათბურე მეურნეობის განვითარება ფონდმა წამყვან ფრანგულ კომპანია რიშელ ჯგუფთან (Richel Group) პარტნიორობით 2014 წლის სექტემბერში დაიწყო. პროექტის პირველი ფაზა 2015 წლის გაზაფხულზე დასრულდა, რომლის ფარგლებში 10 მლნ ლარზე მეტი ღირებულების ინვესტიცია განხორციელდა და 4.4 ჰა სასათბურე კომპლექსი აშენდა. 2016 წელს პროექტის მეორე ფაზა განახორციელდა და „პლანტას“ სასათბურე მეურნეობა 12 ჰექტარამდე გაფართოვდა. პროექტის ფარგლებში განხორციელებული ინვესტიცია კი $21 მლნ ამერიკულ დოლარამდე გაიზარდა.

თანაინვესტირების ფონდის ცნობით, „პლანტას" სასათბურე კომპლექსი კავკასიაში ყველაზე მაღალია, რაც მიკრო კლიმატის კონტროლისთვის საუკეთესო წინაპირობას ქმნის. ევროპული დანადგარებით აღჭურვილ, მაღალტექნოლოგიურ სასათბურე კომპლექსში წარმოებული ბოსტნეული კულტურები ბაზარზე „პლანტას“ სავაჭრო ნიშნით არის წარმოდგენილი. დღეისთვის „პლანტას" პროდუქციის შეძენა თბილისის ყველა მსხვილ სუპერმარკეტსა და ხილ-ბოსტნეულის მაღაზიაში არის შესაძლებელი.

"გასულ სეზონზე, „პლანტას" სათბურებში წარმოებულმა პროდუქციამ 2,000 ტ შეადგინა. მიმდინარე წლის ბოლოს „პლანტა“ მომხმარებლებს პომიდრვის სხვადასხვა ჯიშსაც შესთავაზებს, რომელიც ჩვენს სათბურებში წარმოებული კიტრის მსგავსად გამორჩეული იქნება თავისი მაღალი ხარისხით და განსაკუთრებული გემოთი. წინასწარი გათვლებით პროდუქციის მოცულობის წლიური მაჩვენებელი 4, 000 ტონას გადააჭარბებს. აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში, ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობით გარდაბნის მუნიციპალიტეტში შეიქმნა ახალი სამუშაო ადგილები. ამჟამად „პლანტას“ სათბურებში დასაქმებულია 108 ადამიანი, ძირითადად ადგილობრივი მოსახლეობა. 2016 წლის ბოლოს მათი რიცხვი 250-მდე გაიზრდება.

„პლანტას" სათბურებში წარმოების პროცესი მიმდინარეობს მრავალწლიანი გამოცდილების მქონე, მაღალკვალიფიციური ჰოლანდიელი და ფრანგი აგროინჟინრების, ტექნოლოგების და ბიოლოგების ზედამხედველობით. მოსავლის აღება ხდება ყოველდღიურად. შესაბამისად, მომხმარებლებს მიეწოდებათ უმაღლესი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა, ყოველდღიურად ახალი ქართული პროდუქტი“, - განმარტავენ თანაინვესტირების ფონდში.

Subscribe to our news

Get the main news of the day