კომპანია "ჯეო კეპი" დაახლოებით ერთი წლის წინ "აწარმოე საქართველოში" პროგრამის მეშვეობით შეიქმნა და პირველი კომპანიაა კავკასიის რეგიონში, რომელიც პლასტმასის საცობებს და ბოთლებს აწარმოებს.
"ჯეო კეპი" რამდენიმე ქართულ კომპანიასთან თანამშრომლობს და უახლოეს პეროდში ექსპორტზე გასვლასაც გეგმავს. როგორც "ჯეო კეპის" აღმასრულებელი დირექტორი "ბიზნესკონტრაქტთან" აცხადებს, კომპანიაში გასულ წელს 2,5 მილიონი ევროს ინვესტიცია განხორციელდა.
ენრიკო მოსულიშვილის თქმით, თანამშრომლობენ ისეთ კომპანიებთან, როგორებიცაა: ბორჯომი, ქართული ლუდის კომპანია და რამდენიმე მცირე არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებელ კომპანიასთან.
"გვინდა იმპორტი ადგილობრივი წარმოებით ჩავანაცვლოთ",-აცხადებს მოსულიშვილი.
მისი თქმით, "ჯეო კეპი" ძირითადად ადგილობრივ ბაზარზეა ორიენტირებული, თუმცა, აქტიურად მიდის საუბარი სომხეთთან ექსპორტის განხორციელების შესახებ. კომპანიის სამომავლო გეგმებში შედის ექსპორტის აზერბაიჯანში განხორციელებაც.