არჩევნებში გამარჯვების მეორე დღიდან დაიწყება შეუქცევადი აღმავლობა ჩვენს ქვეყანაში, რასაც ყველა ოჯახი საკუთარ თავზე იგრძნობს, დღეიდან 4 წლის თავზე, ჩვენ გვექნება თვისობრივად განსხვავებული ქვეყანა, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დმანისის მოსახლეობას, რომელსაც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კახა ოქრიაშვილი წარუდგინა. გიორგი კვირიკაშვილმა დმანისელებს მხარდაჭერისკენ მოუწოდა და ხაზი გაუსვა საარჩევნო პროცესის ღიად და გამჭვირვალედ მიმდინარეობის მნიშვნელობას.
“თქვენ ალბათ აკვირდებით, როგორ დემოკრატიულად მიმდინარეობს საარჩევნო პროცესი დღეს, რამხელა განსხვავებაა თუნდაც 4-5 წლის წინანდელი ვითარებისგან, რაც ხდებოდა 2011 წლის შემოდგომაზე და შემდგომ, მთელი 2012 წლის განმავლობაში. რა თქმა უნდა, დღესაც არის ცალკეული ინციდენტები, მაგრამ მთლიანობაში თვისობრივი განსხვავებაა მიღწეული. არა მხოლოდ საარჩევნო პროცესი,მთლიანად ქვეყანაში სრულიად განსხვავებული ვითარებაა, ადამიანებს აღარ ეშინიათ მთავრობის, არის თავისუფალი მედიაგარემო და თქვენ ხედავთ რამდენი კრიტიკა ისმის ტელევიზიებში. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ ჩვენ უფრო ღირსნი ვართ კრიტიკის, ვიდრე წინა ხელისუფლება იყო. ეს მეტყველებს იმაზე, რომ არის აბსოლუტური თავისუფლებაა ქვეყანაში. ეს არის იმ ბრძოლის მონაპოვარი, რომელიც ქართველმა ხალხმა გასწია და რომელიც ნამდვილად დავიმსახურეთ,” - განაცხადა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილმა მმართველი ძალის მიერ 4 წლის განმავლობაში განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა. მისი თქმით, ყველაზე დიდი საბიუჯეტო რესურსი დაიხარჯა ჯანდაცვის რეფორმაზე, რათა ადამიანებს აღარასდროს დაუდგეთ ქონების გაყიდვის აუცილებლობა მკურნალობის ხარჯების დასაფარად. პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა სოფლის მეურნეობისა და წარმოების განვითარების მიმართულებით მოქმედ სახელმწიფო პროგრამებზე და მოსახლეობას მიწოდა ინფორმაცია ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ხელისუფლების მიერ გადადგმული ყველა ნაბიჯი თანამოქალაქეების კეთილდღეობისკენ არის მიმართული.
"ჩვენ ვართ მთავრობა, რომელიც საკუთარი ხალხის ინტერესებს ემსახურება. ჩვენ გვაქვს სწრაფი განვითარების, ნაბიჯ-ნაბიჯ გაწერილი განვითარების გეგმა და არჩევნებში გამარჯვების მეორე დღიდან დაიწყება შეუქცევადი აღმავლობა ჩვენს ქვეყანაში, რასაც ყველა ოჯახი საკუთარ თავზე იგრძნობს. დღეიდან 4 წლის თავზე, ჩვენ გვექნება თვისობრივად განსხვავებული ქვეყანა, გაცილებით განვითარებული, მოდერნიზებული ინფრასტრუქტურით. ჩვენ გვაქვს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი გარღვევის კონკრეტული გეგმა. განათლების სისტემაში მნიშვნელოვანი რეფორმირების, მთლიანად ქვეყანაში მმართველობითი სისტემის ისეთი რეფორმის, როცა თითოეული ადამიანის აზრი იქნება გათვალისწინებული და, რა თქმა უნდა, მართლწესრიგი და სტაბილურობა ქვეყანაში, რაც არის უმნიშვნელოვანესი, ვინაიდან, თუ კანონმა არ იკანონა, ის ქვეყანა ქვეყანა არ არის. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ ვართ ის გუნდი, რომელიც ამას აუცილებლად მიაღწევს!” - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა დმანისის მოსახლეობასთან შეხვედრისას.
ახალი ამბები აღარ იწერება ერთ ოთახში, ყველა ტელევიზიისთვის ერთი და იმავე ტექსტით,- ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბოლნისის მოსახლეობასთან შეხვედრისას გააკეთა და აღნიშნა, რომ თავისუფლება და დამოუკიდებელი მედიაგარემო ბოლო 4 წლის მთავარი მონაპოვარია.
“ხედავთ რამდენად თავისუფალია მედიასივრცე, ტელევიზიები თავისუფლად გადმოსცემენ სიახლეებს. ვფიქრობთ, ეს თავისუფლება, რომელიც ჩვენს ქვეყანაში დამყარდა ამ 4 წლის განმავლობაში და ის მთავარი გარდატეხა, რომელიც მოხდა ჩვენი ქვეყნის განვითარებაში, არის უდიდესი მიღწევა. ასევე დიდი მიღწევაა ის, რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში განსაკუთრებული ყურადღება მიექცა ყველაზე მნიშვნელოვან, სასიცოცხლოდ აუცილებელ მიმართულებებს,” - აღნიშნა პრემიერმა.
პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარემ ბოლნისის მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გოგა მეშველიანი წარუდგინა და მმართველი ძალის მიერ განხორციელებულ რეფორმებსა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, დღეს ინიციატივიან ადამიანს აქვს უამრავი შესაძლებლობა, ისარგებლოს სახელმწიფო პროგრამებით და უზრუნველყოს საკუთარი ოჯახი.
“ჩვენ გვაქვს მორალური უფლება თვალებში შევხედოთ ჩვენს ამომრჩეველს და ვუთხრათ, რომ ჩვენ ვართ ის პოლიტიკური ძალა, რომელიც მომავალი 4 წლის განმავლობაში უზრუნველყოფს ქვეყნის სწრაფ განვითარებას და თითოეულ ოჯახში კეთილდღეობის მიტანას,” - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერის განმარტებით, მმართველი გუნდის მიერ დასახული ამბიციური გეგმების განსახორციელებლად, საჭიროა მოსახლეობის მხარდაჭერა და მყარი უმრავლესობა პარლამენტში.
“შემოვუძახოთ ერთმანეთს მეტი კონდსოლიდაციისკენ, საჭირო არის მეტი მობილიზება, იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ ჩვენი ქვეყნის მომავალი, შემდგომი 4 წლის განმავლობაში და ჩავყაროთ ის საფუძველი, რაც საქართველოს სტაბილურ განვითარებას უზრუნველყოფს მომავალი ათწლეულების განმავლობაში. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი 4 წელი, ამიტომ საჭიროა სტაბილური პარლამენტი და მყარი უმრავლესობა,” - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა ბოლნისის მოსახლეობასთან შეხვედრისას.