"ჩვენ პატარა ერი ვართ, არ გვაქვს უფლება, ვიყოთ გახლეჩილი, არ გვაქვს უფლება, ტალახი ვესროლოთ ერთმანეთს, ჩვენ უნდა გავერთიანდეთ ერთი საერთო, დადებითი მიზნის გარშემო - განვავითაროთ ჩვენი ქვეყანა, ვაქციოთ ის მართლა დამოუკიდებელ და თავისუფალ ქვეყნად, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დიასპორის ფორუმის მონაწილეებს, რომელიც მეორედ იმართება.
პრემიერმა ამ პროცესში დიასპორის წარმომადგენლების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და სახელმწიფო მინისტრს დიასპორის საკითხებში გელა დუმბაძეს მადლობა გადაუხადა იმ მნიშვნელოვანი ინიციატივებისთვის, რომელთა მთავრობის მიერ დამტკიცებამ, ცხოვრება დიასპორის წარმომადგენლებისთვის გარკვეულწილად გაამარტივა.
"ჩვენი მიზანი გახლავთ ის, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ადგილებში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს მაქსიმალურად დავანახოთ ის შესაძლებლობები, რომელიც არსებობს დღეს ჩვენს ქვეყანაში დაბრუნებისათვის. უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, დღეს ჩვენ გვაქვს არაერთი მექანიზმი იმისთვის, რომ ჩვენი დიასპორა ჩართული იყოს ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. თუნდაც, ახალგაზრდა ელჩების პროგრამა იძლევა საშუალებას ჩვენი დიასპორის წარმომადგენლების ჩართულობისთვის. ისინი ძალიან ბევრს შრომობენ, რათა საქართველო წარმოჩინდეს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, როგორც ღირსეული, უდიდესი ისტორიისა და კულტურის მქონე, ინვესტიციებისთვის მიმზიდველი და დინამიურად განვითარებადი ქვეყანა. ჩვენ კიდევ არაერთი ასეთი ინიციატივა გვექნება”, - განაცხადა პრემიერმა.
პრემიერის განცხადებით, სახელმწიფოს განსაკუთრებული მიდგომა აქვს იმ ინიციატივების მიმართ, რომლებსაც ქართული დიასპორის წარმომადგენლები იჩენენ.
"ეს და კიდევ არაერთი სხვა ინიციატივა იძლევა საშუალებას, რომ ჩვენი თანამემამულეები დაბრუნდნენ საქართველოში და ის შესაძლებლობები, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში იქმნება, ის განვითარების დღის წესრიგი, რომელიც საქართველოში არსებობს, მაქსიმალურად გამოიყენონ, რომ საკუთარი ოჯახები არჩინონ და ის ურთულესი ცხოვრება, რომელიც დღეს ჩვენს თანამემამულეებს უცხოეთში გააჩნიათ, შეცვალონ უკეთესობისკენ. ფორუმი იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ ეს არის პლატფორმა ყველა თქვენთაგანის ჩართულობისთვის. ზოგიერთი ადამიანი შეიძლება დაბრუნდეს, ზოგიერთმა, შესაძლოა, ეს ახლო მომავლისთვის გადადოს, ზოგიერთმა, შესაძლოა, განაგრძოს უცხოეთში მოღვაწეობა. ჩვენ ყველა თქვენგანისთვის უნდა ვიყოთ გახსნილები, ჩვენ ყველა თქვენგანის ჩართულობა გვჭირდება. არ აქვს მნიშვნელობა, რა სოციალურ ფენას მიეკუთვნება, რომელ ქვეყანაშია ჩვენი თანამემამულე, ყველას უნდა ჰქონდეს იმის საშუალება, რომ ქვეყნის განვითარების საქმეში ჩაერთოს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.