"მინდა, ინვესტორებს ვუთხრა, ის რასაც თქვენ ხედავთ დღეს საქართველოში - სასტუმროების უპრეცენდენტო დატვირთულობა, არ იქნება ერთჯერადი და მინდა მოგიწოდოთ, ინვესტიციები შეუსაბამოთ სწორედ იმ დატვირთვას, რომელიც წელს არის საქართველოში და ის კიდევ უფრო გაიზრდება“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
"ჩვენ ვგეგმავთ სპეციალური ერთეულის, კომპანიის ჩამოყალიბებას, რომელიც იქნება საჯარო და კერძო სექტორს შორის პარტნიორობის მოდელი. სამეთვალყურეო საბჭოში შევლენ წამყვანი ტურისტული და სხვა სექტორების წარმომადგენლები, რომლებიც მიიღებენ მონაწილეობას მომავალი წლის ანალოგიური პროგრამის დაგეგმვაში და როდესაც ბიუჯეტის შედგენა მოხდება წელს შემოდგომაზე, წელსვე მოხდება მომავალი წლის ასთი წარმოდგენების მთელი სერიის ბიუჯეტირება. შედგება კალენდარი და მის შექმნაში მონაწილეობას მიიღებს ის სამეთვალყურეო საბჭო, სადაც იქნებიან როგორც ეკონომიკური ბლოკის, კულტურის სამინისტროს, ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლები. დატვირთვა, რომელიც წელს აქვს ტურისტულ კომპანიებს და სასტუმროებს, გაიზრდება და ჩვენ ამის გარანტიას ვიძლევით“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.