პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, 2017 წელს დასრულდება აგარა-ზემო ოსიაურის და ზესტაფონი-ქუთაისის, ასევე ქობულეთის შემოვლითი გზა.
როგორც გიორგი კვირიკაშვილმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, 2017 წელს დაიწყება სამუშაოები შემდეგ ძირითად მონაკვეთებზე - ზემო ოსიაური-ჩუმათელეთი, სამტრედია–გრიგოლეთი, ბათუმის შემოვლითი, ხულო-ზარზმა, ბაღდათი-აბასთუმანი, ზემო იმერეთი-რაჭა, თუშეთის და ხევსურეთის გზები; დევდორაკის გვირაბი.
"ეკონომიკური რეფორმის მიმართულებით, რომელიც ორიენტირებულია კერძო სექტორის მაქსიმალურ წახალისებასა და მის გაძლიერებაზე, შეიქმნა მნიშვნელოვანი საგადასახადო სტიმულები - რეინვესტირების შემთხვევაში ბიზნესი აღარ დაიბეგრება მოგების გადასახადით. ამით ბიზნესსექტორში დარჩება 600 მილიონამდე ლარი, რაც საშუალებას მოგვცემს, ეს თანხები მოხმარდეს გაფართოებას და შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები. ჩვენ უკვე განვახორციელეთ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ცვლილებები საგადასახადო კანონმდებლობაში. საგადასახადო გარემო ბიზნესის მიმართ გახდება კიდევ უფრო მეგობრული და მაქსიმალურად წაახალისებს ინვესტიციებს.
ჩვენ ისევ გავაგრძელებთ და გავაფართოებთ ყველა იმ პროგრამას, რომლებიც ხელს შეუწყობს მეწარმეებს, დამწყებ ბიზნესს, ინოვაციურ ბიზნესპროექტებს - ეს არის პროგრამა "აწარმოე საქართველოში“, აგროკრედიტებისა და აგროდახმარების პროგრამები, "სტარტაპების“ დაფინანსება და ა.შ.
ჩვენ უკვე სახეზე გვაქვს კონკრეტული შედეგები - პროგრამაში „აწარმოე საქართველოში“ ჩართულ 10 კომპანიაზე, რომელიც სრული სტატისტიკური კანონზომიერებების ამსახველი შერჩევის შედეგად შეირჩა, სუბსიდიის სახით სახელმწიფოსგან გაცემულია 5 289 00 ლარი და მათი საქმიანობის 2 წლის განმავლობაში, გადასახადების სახით უკვე შემოტანილია 5 090 000 ლარი; შეიქმნა 313 ახალი სამუშაო ადგილი, რაც იმას გულისხმობს, რომ მას შემდეგ, რაც სუბსიდია შეწყდება, რა თქმა უნდა, ეს გადასახადი იქნება წმინდა შემოსავალი ბიუჯეტში და დასაქმებულები დარჩებიან დასაქმებულებად. ეს არის ძალიან კარგი ეფექტი, რომელიც ამ პროგრამამ მოიტანა.
მთლიანად, ორი წლის განმავლობაში, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, 235 პროექტი განხორციელდა, რომელთა მიერ განხორციელებული ჯამური ინვესტიციის მოცულობა აღწევს 522 000 000 ლარს და ჯამურად, მხოლოდ ამ პროგრამის ფარგლებში, შექმნილია 11 000 ახალი სამუშაო ადგილი.
ასევე, 2016 წლიდან დავიწყეთ პროექტი „სტარტაპ საქართველო“, რომლის ფარგლებშიც უკვე დაფინანსდა 60-ზე მეტი ახალი დამწყები ბიზნესი. გუშინ ჩვენ დავაჯილდოვეთ კიდევ 9 ახალი გამარჯვებული და ამ მიმართულებით 900 ათასი ლარი გაიცა. ეს არის ჩვენი ეკონომიკის ყველაზე დიდი ზრდის პოტენციალის მქონე ქვესექტორი და ამ მიმართულებით მთავრობის ძალისხმევა გაგრძელდება. ეს არის ტრანსფორმაცია, მაგრამ ყველაზე დიდი ეფექტი, რაც ამ პროგრამებს მოაქვს, არის აზროვნებაში ცვლილება, რათა ახალგაზრდებმა იფიქრონ, რომ გახდნენ დამსაქმებლები.
სოფლის მეურნეობის მიმართულებით შეიქმნა 154 ახალი და გაფართოვდა 700 საწარმო; აქედან, მხოლოდ 2016 წელს, გაიხსნა 21 ახალი საწარმო.
ყველა ეს სახელმწიფო პროექტი საზოგადოებაში სამეწარმეო სულისკვეთების ჩამოყალიბებას ემსახურება და ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდების აზროვნების ტრანსფორმირების თვალსაზრისით, რომ ისინი გახდნენ მეწარმეები და შექმნან ქვეყანაში ახალი სამუშაო ადგილები“,- განაცხადა პრემიერმა.