„დარწმუნებული ვართ, რომ საქართველო დაიმკვიდრებს თავის ღირსეულ ადგილს განვითარებულ სახელმწიფოთა ოჯახში“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა მცხეთა-მთიანეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენისას განაცხადა.
პრემიერ-მინისტრმა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მთავრობის მიერ განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება ადამიანებს გვერდით დაუდგა და სასწრაფოდ გადასაწყვეტი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემების გადაჭრაში დაეხმარა, რისთვისაც სახელმწიფომ დიდი რესურსი გაიღო.
„რეაბილიტაცია ჩაუტარდა საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთს; აშენდა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა მრავალ სხვა გზასა და ხიდს, სასმელი წყლის სისტემებს, სანიაღვრე და ნაპირსამაგრ სისტემებს, წყალმომარაგებისა და სარწყავ სისტემებს; აშენდა და განახლდა საბავშვო ბაღები, სკოლები; გამრიცხველიანდა და 30 ათასზე მეტ ოჯახს სტაბილურად მიეწოდება ელექტროენერგია. „სინათლე ყველა სოფელს“ პროექტის ფარგლებში ელექტრიფიცირდა უშუქო სოფლები, წლის ბოლომდე კი, დასრულდება კიდევ რამდენიმე ათასამდე ოჯახის ელექტრიფიცირება; ბუნებრივი აირის ქსელში ჩაერთო 7 ათასამდე ოჯახი; წლის ბოლომდე კიდევ 1500-ზე მეტი ოჯახი ბუნებრივი აირის მომხმარებელი გახდება. ამოქმედებულია რამდენიმე სახელმწიფო პროგრამა ჩვენი მეწარმეების, გლეხებისა და ფერმერების დასახმარებლად, რომელთა ფარგლებშიც გაიხსნა და გადაიარაღდა საწარმოები, დამუშავდა მიწები, მოსახლეობას უსასყიდლოდ გადაეცა სასოფლო-სამეურნეო ინვენტარი, სასუქი, სათესლე მასალა და მცენარეთა მოვლის საშუალებები“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩატარდა, მაღალ მთაში სტიქიური უბედურებისა და სხვა ფორსმაჟორული სიტუაციების პრევენციის მიზნით - დარიალის ხეობაში დამონტაჟდა თანამედროვე სასიგნალო სისტემა, რომლის მეშვეობით, ბოლო სტიქიის დროს ხალხის დროულად ევაკუაცია მოხერხდა; ასევე, გუდაურში მოეწყო ხელოვნური გათოვლიანების სისტემა, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა ტურისტული სეზონის ხანგრძლივობა.
„ჩვენ ამას ვაკეთებთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი სარგებელი ნახოს ხალხმა, პირველ რიგში კი, ადგილობრივმა მოსახლეობამ. საქართველოსთვის მთა ბუნებრივი კარიბჭე და მცველია, იქ მცხოვრები თითოეული მოსახლე კი, ჩვენი სამშობლოს ნამდვილი მესაზღვრეა. ამიტომაც, მას განსაკუთრებული ყურადღება და პატრონობა სჭირდება ჩვენგან. ჩვენ, განსაკუთრებული ყურადღებით უნდა მივაღწიოთ, რომ მთაში დაბრუნდეს ძირძველი მოსახლეობა და მთა არ დაცარიელდეს. მთის კანონის შემოღებით ჩვენ მნიშვნელოვანი დახმარება გავუწიეთ მთაში მცხოვრებ ჩვენს გმირ ხალხს. პირველი სექტემბრიდან დანამატებით ისარგებლებენ პენსიონრები, მასწავლებლები, ექიმები, ექთნები; საგადასახადო შეღავათებით ისარგებლებენ მეწარმეები; სოციალური პაკეტით უკვე სარგებლობენ ახალგაზრდა ოჯახები, მრავალშვილიანი ოჯახები. და კიდევ ერთი სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი, რომლითაც ნამდვილად შეგვიძლია ვიამაყოთ, გახლავთ არხოტის 25-კილომეტრიანი გზის მშენებლობა. იცით, რომ პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთის დამაკავშირებელი გზა აქამდე არ არსებობდა. ვისურვებდი, რომ არხოტისკენ სამანქანო გზის გაჭრა, მთაში დაბრუნების სიმბოლოდ იქცეს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.