Home
Category
TV Live Menu

პრემიერის ინიციატივას საბანკო სექტორი პასუხობს

5a40949041e9a
ელენე გოგბერაშვილი
25.12.17 10:00
736
პენსიით უზრუნველყოფილი სესხის საპროცენტო განაკვეთების შესაძლო შემცირების შესახებ პრემიერი-მინისტრის პარლამენტში გაკეთებულ განცხადებას საბანკო სექტორი აფასებს. გიორგი კვირიკაშვილი ამბობს, რომ გარკვეული მექანიზმებია შემოსაღები, რადგან როდესაც პენსიონერი საკუთარი პენსიის უზრუნველყოფით იღებს სესხს, მას არ უნდა ჰქონდეს ძალიან მაღალი საპროცენტო განაკვეთი.

ბანკების ასოციაციის პრეზიდენტს, ზურაბ გვასალიას პრემიერის ინიციატივა მოსწონს, თუმცა აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია საბანკო სექტორმა იცოდეს რა ტიპის ღონისძიებები გატარდება და თავის მხრივ რა ნაბიჯებს გადადგავს სახელმწიფო. მიუხედავად იმისა, რომ პენსიით უზრუნველყოფილი სესხის გაცემა გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული, სახელმწიფოსა და კერძო სექტორის თანამშრომლობის შემთხვევაში, გვასალია ფიქრობს, რომ შესაძლოა ეს საკითხი დადებითად გადაწყდეს.

"ინიციატივა თითქოს კარგია, მაგრამ სანამ ქაღალდზე არ იქნება გადატანილი, თუ რა ღონისძიებები უნდა გატარდეს, მანამდე გამიჭირდება კომენტარის გაკეთება.
მსოფლიოში ნებისმიერი ბანკი ან ორგანიზაცია გარკვეულ რისკებს იღებს, მაგრამ ყველაფერს აკეთებს, რომ ეს რისკები შეამციროს. რა თქმა უნდა, რისკიანია ნებისმიერი სესხის გაცემა, მითუმეტეს საპენსიო უზრუნველყოფის ქვეშ გაცემული სესხები, მაგრამ ეს ერთ-ერთი საბანკო პროდუქტია, რომელიც ჩვენ ქვეყანაში კარგად მუშაობს. ის, რომ სახელმწიფომ სოციალური პასუხისმგებლობის კუთხით დააყენა ეს საკითხი, ძალიან კარგია. ამ პასუხისმგებლობას საბანკო სექტორიც რა თქმა უნდა გრძნობს და თუ ეს თანამშრომლობა შედგება, ბუნებრივია საკითხი დადებითად გადაწყდება", - განუცხადა bm.ge-ს ზურაბ გვასალიამ.

Subscribe to our news

Get the main news of the day