სატელეკომუნიკაციო კომპანია Premiumnet international-ის წარმომადგენელი ირაკლი გაფრინდაშვილი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ სატელეფონო კომუნიკაციების სფეროში ჩადენილი საერთაშორისო ორგანიზებული დანაშაულებრივი ფაქტების გახსნას ეხმაურება. გაფრინდაშვილი აცხადებს, რომ უწყების მიერ გამოვლენილი დანაშაულები ზღვაში წვეთია და საქმე უფრო მასშტაბურ სქემებთან გვაქვს.
საქმე ისაა, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ბოლო ერთ თვეში 2 ფაქტი აღმოაჩინა, როდესაც დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები სპეციალური მოწყობილობებით საერთაშორისო ზარებს ადგილობრივ ზარებად გარდაქმნიდნენ და ბიუჯეტში ნაკლებ თანხას იხდიდნენ. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის მარტამდე უცხოეთიდან შემოსული ზარების ღირებულება 14 -დან 16 ცენტამდე მერყეობდა, ადგილობრივი ზარების ურთიერთჩართვის ტარიფი კი მაქსიმუმ 3,5 თეთრი იყო. შესაბამისად, კომპანიები თითოეულ წუთში 16 ცენტის ნაცვლად 3,5 თეთრს იხდიდნენ.
„დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, უცხოური ზარის ადგილობრივ ზარად გარდაქმნის შედეგად, კანონსაწინააღმდეგოდ, ხელოვნურად ცვლიდნენ შემომავალი ზარების ტარიფებს და მნიშვნელოვნად აზარალებდნენ როგორც სახელმწიფო ბიუჯეტს, ასევე, სატელეფონო კომუნიკაციების სფეროში მომუშავე კომპანიებს”,- ნათქვამი იყო უწყების განცხადებაში.
სატელეკომუნიკაციო კომპანიის წარმომადგენელი ირაკლი გაფრინდაშვილი აცხადებს, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში საერთაშორისო ზარების მოცულობა 40 მილიონი წუთიდან, 12 მილიონ წუთამდე შემცირდა, რაც ძალიან დიდი კლებაა და ამაში, სავარაუდოდ, უმსხვილესი სატელეკომუნიკაციო ქსელის მფლობელი ოპერატორები არიან ჩართულები. ქსელს კი საქართველოში ფლობენ „მაგთი“, „ჯეოსელი“, „ბილაინი“, „სილქნეტი“, „ახალი ქსელები“.
ირაკლი გაფრინდაშვილის ინფორმაციით, აღნიშნულის კონტროლი კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნული კომისიას ევალება, მაგრამ უწყება სათანადო მონიტორინგს არ ახდენს.
"კომისიის მუშაობა არაეფექტურია, უწყება არ იყენებს კონტროლის მექანიზმებს ქსელის მფლბელი ოპერატორების მიმართ, რომ მოიძიოს ინფორმაცია სად ხდება გაშავება",- აცხადებს ირაკლი გაფრინადშვილი.
მისი თქმით, არსებული პრობლემების გათვალისწინებით ფაქტობრივად ყველა ტრანზიტორი კომპანია დღეს გაჩერების ზღვარზეა.