"საჭიროა, კონკურენციის კანონის უფრო ქმედითად ფორმულირება, აღსრულება და კონკურენციის სააგენტოს უფრო გააქტიურება",-ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში თავის ყოველწლიურ გამოსვლაში განაცხადა.
მისი თქმით, ბოლოდროინდელი ტენდენციით, მსხვილი ბიზნესი კიდევ უფრო მსხვილდება, რაც შედარებით მცირე ბიზნესის შესყიდვა-შერწყმის ხარჯზე ხდება.
"ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოა საფინანსო სექტორში, სადაც არაპროფილური მიმართულების მქონე კომპანიები ჰოლდინგებში ერთიანდებიან და ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებში ბაზრის კონტროლისკენ მიილტვიან. ასეთ პირობებში მცირე და საშუალო ბიზნესი ვერ გაძლიერდება, ვერც დასაქმების პრობლემა გადაიჭრება. ამ პირობებში, მომხმარებელთა უფლებები დაუცველია ფასწარმოქნის ნაწილშიც. ამიტომ, საჭიროა კონკურენციის კანონის უფრო ქმედითად ფორმულირება, აღსრულება და კონკურენციის სააგენტოს უფრო გააქტიურება. გასაგრძელებელი და გასაღრმავებელია ის პოზიტიური პროექტები, რომელიც საქართველოს მთავრობის აქტიური ძალისხმევით განხორციელდა - "აწარმოე საქართველოში", "სტარტაპ საქართველო", "დანერგე მომავალი" და სხვა. მათ შორის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მსხვილი ინსფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც მომავალში ქვეყნის სატრანზიტო, ლოჯისტიკურ და ტურისტულ პოტენციალს გაზრდის. ვფიქრობ, ასევე თამამი ნაბიჯი იქნებოდა, კაპიტალის ბაზრის განვითარება, რაც გრძელვადიან და ალტერნატიულ ფულად რესურსს გააჩენდა კერძო სექტორის გასაძლიერებლად. ამასთანავე, საპენსიო რეფორმის დროული განხორციელება, ამ სტრატეგიას უფრო ეფექტურს გახდიდა",- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.