საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს ეროვნული ბანკისგან გამოყოფის, შემდეგ კი დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილების მიღების გამო „ქართული ოცნების“ მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის მიდგომა გააკრიტიკა.
აბაშიშვილის განცხადებით, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ხელს მოაწერს „ეროვნული ბანკის შესახებ“ ახალ კანონს, რომელიც პარლამენტიდან მის ადმინისტრაციაში გუშინ შევიდა, "თუმცა ამ წელიწადნახევრის განმავლობაში, როცა პარლამენტმა მიიღო ასეთი პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება, ქვეყანას მიადგა როგორც ფინანსური, ასევე რეპუტაციული ზიანი“.
"მოგეხსენებათ, რომ წელიწადნახევრის წინ კოალიციურმა უმრავლესობამ ეროვნულ ბანკს ჩამოართვა ეს ფუნქცია და საბანკო სისტემა ძალიან სერიოზული რისკის წინაშე დააყენა - ეროვნული ბანკი ორ ნაწილად გაყო, მიუხედავად არასამთავრობო სექტორის, საბანკო სექტორის, ექსპერტების, საერთაშორისო ორგანიზაციების და ეროვნული ბანკის წინააღმდეგობისა. ასევე, ეს გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდიოდა ასოცირების შეთანხმებასთან. პრეზიდენტმა, ცხადია, არ დაუშვა ეროვნული ბანკის ორად გაყოფა, ვეტო დაადო ამ კანონპროექტს, მაგრამ კოალიციურმა უმრავლესობამ დიდი ენთუსიაზმით დაძლია ეს ვეტო, თუმცა ეს კანონი საკონსტიტუციო სასამართლომ მყისიერად გააჩერა, ხოლო უკვე წელიწადნახევრის შემდეგ, საქართველოს მთავრობამ გაიზიარა პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები და ეროვნული ბანკის შესახებ კანონი ახლიდან შეიტანა პარლამენტში. მე მაქვს პრეზიდენტის მოტივირებული ვეტოც და საქართველოს მთავრობის ახლანდელი ვერსიაც - ეს პრაქტიკულად იდენტურია, ანუ საქართველოს მთავრობამ გაიზიარა პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები", - განაცხადა აბაშიშვილმა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი იმ დეპუტატების პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს, რომლებმაც 2015 წელს პრეზიდენტის ვეტო დაძლიეს.