"სოციალ-დემოკრატებმა" რამდენიმე თვის წინ ინიციატივა გააჟღერეს კონსტიტუციიდან 94-ე მუხლისა და ეკონომიკური თავისუფლების აქტის ორგანული კანონის გაუქმების შესახებ. 94-ე მუხლის თანახმად, ახალი გადასახადების შემოღება ან გაზრდა 3 წელზე მეტი ვადით მხოლოდ მთავრობის მიერ ინიცირებული რეფერენდუმის საფუძველზეა შესაძლებელი. განახლებულ კონსტიტუციაზე მომუშავე საკონსტიტუციო კომისიამ ახალი კონსტიტუციის პროექტში გადასახადების შესახებ 94-ე მუხლი უცვლელად დატოვა და თემა სახალხო განხილვებზე კიდევ უფრო გააქტიურდა. ამავე დროს, “სოციალ-დემოკრატები” აანონსებენ, რომ პარლამენტში კონსტიტუციის პროექტის პირველი და მეორე მოსმენისას კონსტიტუციიდან ახალი გადასახადების დასაწესებლად რეფერენდუმის აუცილებლობის შესახებ მუხლის ამოღების საკითხს კვლავ დააყენებენ. რას მოგვიტანს ცვლილებები, შეეხებათ თუ არა ეს ჩვეულებრივ ადამიანებს და საერთოდ რას გულისხმობს აღნიშნული ცვლილება, - თემაზე ‘’’საქმიან დილასთან“ საქართველოს პრეზიდენტის ეკონომიკურმა მრჩეველმა მაია მელიქიძემ ისაუბრა.
-ქალბატონო მაია, 94-ე მუხლის შეცვლასთან დაკავშირებით, საინტერესოა პრეზიდენტის მოსაზრება, აქვს თუ არა გიორგი მარგველაშვილს აღნიშნულ საკითხზე ჩამოყალიბებული პოზიცია?
-იმისთვის, რომ უფრო ნათელი მოვფინოთ ეკონომიკური თავისუფლების აქტის არსს, ჯერ განმარტებას გავაკეთებ - ეკონომიკური თავისუფლების აქტი ვაშინგტონის კონსესუსს ემყარება, სადაც მოცემულია ეკონომიკური პოლიტიკის 10 რეკომენდაცია. ამ რეკომენდაციებით ძალიან ბევრი განვითარებული ქვეყანა ხელმძღვანელობს და ამ რეკომენდაციებიდან არის წამოღებული სწორედ ეკონომიკური თავისუფლების აქტის ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პოსტულატი. თუმცა, აღსანიშნავია, რომ აქ ასევე ჩადებულია გადასახადებთან მიმართებაში რეფერენდუმის ჩატარების საკითხი. ვაშინგტონის კონსესუსში შემდეგი ჩანაწერია მოცემული, რომ შესაძლებელია საგადასახადო ბაზის გაფართოება და ნორმალური, ზღვრული საგადასახადო ტარიფების დაწესება. ჩვენს შემთხვევას რაც შეეხება, ეკონომიკური თავისუფლების აქტში მოცემულია ისეთი მნიშვნელოვანი ფაქტორები, როგორიც არის მაგალითად ის, რომ დეფიციტი 3%-ს არ უნდა აღემატებოდეს, ან საგარეო ვალი მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში 60%-ს არ უნდა აღემატებოდეს და ა.შ. ახლა კი რეფერენდუმსა და გადასახადებთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის შეხედულებას გაგაცნობთ. ჭეშმარიტებაა ის, რომ ქვეყნის მოსახლეობა გადასახადებს იხდის, შემდეგ ხელისუფლება ამ აღებული გადასახადების მენეჯმენტს ახორციელებს და მისი საშუალებით უკვე წარმატებული ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელებას ცდილობს. ყოველივე ეს კი ცალკეულ ადამიანზე უნდა აისახოს. აი, ამ თავისთავადი ჭეშმარიტების ასახვა საქართველოს კონსტიტუციაში, საქართველოს პრეზიდენტის აზრით, ამ სიტუაციაში ირელევანტურია, რადგან ქვეყნის მთავრობის ცალსახა დისკრეციაა, იმუშაოს საგადასახდო საკითხებზე, ზუსტად ეკონომიკური პოლიტიკის და ეკონომიკური სიტუაციის ადეკვატური შეფასების შესაბამისად ფისკალური პარამეტრებიდან გამომდინარე. ეს არის ის გეგმა, რომელიც ქვეყნის მთავრობამ უნდა განახორციელოს და ეს ყველაფერი ცალკეული მოქალაქის კეთილდღეობაზე უნდა აისახოს. ეკონომიკური თავისუფლების აქტში მოცემულ პოსტულატებს აქვს, როგორც ეკონომიკური დატვირთვა, ასევე პოლიტიკური დატვირთვა. როდესაც პოლიტიკოსი გარკვეულ დაპირებას იძლევა იმასთან მიმართებაში, რომ ძალიან ბევრ წარმატებულ რეფორმას განახორციელებს იგივე ინფრასტრუქტურული პროექტების თვალსაზრისით, ეს ყველაფერი ფინანსური მხარდაჭერისა და ფინანსური რესურსების გარეშე წარმოუდგენელია.
-ვიცით, რომ საქართველოს პრეზიდენტი აქტიურად იყო ჩართული აღნიშნული საკითხის საჯარო განხილვებში და როგორია მისი გეგმები, რას აპირებს იგი კონსტიტუციის 94-ე მუხლთან დაკავშირებით?
- გიორგი მარგველაშვილის შეხედულება ცალსახაა, ის რომ ეს თავისთავადი ჭეშმარიტებაა და მას როგორც ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური კონტექსტი აქვს. რეფერენდუმი გარკვეულწილად შემაკავებელი ფაქტორია მთავრობის ქმედებების, თუმცა მნიშვნელოვანია აღინიშნოს მაგალითად საშემოსავლო გადასახადი, რომელიც 20% გახლავთ, რატომ არ შეიძლება უფრო ნაკლები იყოს ან თუნდაც უფრო მეტი და რატომ არ შეიძლება ეს ყველაფერი ქვეყნის მთავრობამ განსაზღვროს და დისკრეცია მოახდინოს?! ძალიან რთულია ეკონომიკური პოლიტიკის წარმოება ზუსტად ამ ვითარებაში, როდესაც ხელ-ფეხი შეკრული აქვს. რაც შეეხება რეფერენდუმს, რომ იგი შემაკავებელი ფაქტორია, ვფოქრობ, გაცილებით უფრო შემაკავებელი ფაქტორი იქნება საზოგადოების მხრიდან ის, თუ მოხდება ძალიან მკაცრი, გამჭვირვალე მონიტორინგი, რაში ხარჯავს მთავრობა ბიუჯეტში არსებულ თანხებს. კონკრეტული პარამეტრები ძალიან გამჭვირვალე უნდა იყოს, თუ რატომ ღებულობს ქვეყნის ხელისუფლება ამ პირობას და საზოგადოებასთან კომუნიკაციაა ზუსტად დემოკრატიის პრინციპი. ამ ყველაფერს ანალიზი და კონკრეტული გათვლები ჭირდება. იგივე მაგალითად, რომ დეფიციტი 3%-ია და რატომ არ უნდა იყოს 1%, ან თუნდაც 5%, ეს ყველაფერი ამოსავალი წერტილია იმ ეკონომიკური და ფინანსური პარამეტრებიდან, რომელიც ქვეყანას გააჩნია. სხვა ქვეყნებიდან მაგალითი არ უნდა გადმოვიტანოთ, არამედ ჩვენი ქვეყნის რეალობიდან უნდა გამოვიდეთ და აქედან გამომდინარე უნდა მივიღოთ გადაწყვეტილებები რა რამდენი პროცენტი უნდა იყოს. აქციზის გადასახადს რაც შეეხება, ეს ხომ ბიუჯეტის შევსების ირიბი მეთოდია?! ქვეყნის მთავრობამ და ხელისუფლებამ მაინც მოძებნა ის პატარა ბუფერი, რისი საშუალებითაც მან გაზარდა აქციზის გადასახადი გარკვეულ პროდუქტებზე. არ გვინდა, რომ ინვესტორს თუნდაც იმის განცდა ჰქონდეს, რომ გარკვეულწილად კანონმდებლობა ქვეყნის მთავრობას იმის შესაძლებლობას აძლევს, რომ ირიბი საშუალებებით გაზარდოს ის გადასახადები, რომლის შემაკავებელი მეთოდიც კანონმდებლობაში გაწერილი არ არის. ქვეყნის პრეზიდენტი ამბობს, რომ თავისთავადი ჭეშმარიტებაა ის, რომ ქვეყნის მოსახლეობა გადასახადებს იხდის. ეს გადასახადები ქვეყნის ბიუჯეტში შედის, რომლითაც ცალსახად ეკონომიკური პროგრესი უნდა მოხდეს და ეს თანხა ეკონომიკურ ზრდას უნდა მოხმარდეს და ცალკეული ადამიანის კეთილდღეობაზე უნდა იყოს ეს ყველაფერი ასახული.