საქართველოს პრეზიდენტმა "საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ“ კანონპროექტს ვეტო დაადო. ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, პარლამენტს კანონპროექტი მოტივირებული შენიშვნებით უკან უბრუნდება.
კანონპროექტით ცვლილება რამდენიმე საკითხს ეხება, მათ შორის არის: მაუწყებლის შესყიდვები, ბიუჯეტი, კომერციული და სოციალური რეკლამის განთავსება.
კანონპროექტით, საზოგადოებრივ მაუწყებელს შესაძლებლობა ექნება დააფინანსოს სტარტაპები, გაზარდოს კომერციული რეკლამის დრო და გარკვეული მომსახურებები ტენდერის გარეშე შეიძინოს.
მაგალითად, საზოგადოებრივი მაუწყებლის პროდუქციის არანაკლებ 25 პროცენტისა დაეთმობა კერძო სამართლის იურიდიული პირების პროგრამებს, რომელთა შესყიდვაზე არ გავრცელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონი.
ამავე კანონპროექტით, იზრდება კომერციული რეკლამის მოცულობა და ის დღე-ღამის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 60 წუთს, ნაცვლად დღეს არსებული 30 წუთისა.
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭირვალობა- საქართველო“ მიიჩნევს, რომ კანონპროექტში გაწერილი ცვლილებები მედიაგარემოზე უარყოფითად აისახება.
IDFI-ში კი ამბობენ, რომ თუ საზოგადოებრივი მაუწყებელი კომერციულად მომგებიან ტელევიზიად ყალიბდება, მაშინ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად 45 მილიონით არ უნდა ფინანსდებოდეს.
კანონპროექტს ეწინააღმდეგებიან კომერციული მაუწყებლებიც. მათ მიმართეს პარლამენტს, უარი თქვან „მაუწყებლობის შესახებ კანონში“ იმ ცვლილებების შეტანაზე, რომელიც ეხება საზოგადოებრივ მაუწყებელში სპონსორობისა და რეკლამის დაკანონებას. განცხადებაში ნათქვამია, რომ შეზღუდული სარეკლამო ბაზრის პირობებში, ცვლილება უარყოფით გავლენას იქონიებს კერძო მაუწყებლების მდგრადობაზე.