თანამედროვე ბიზნესპროცესები ტექნოლოგიური პროცესების გარეშე წარმოუდგენელია. ტექნოლოგიური პროცესის წინსვლა ბიზნესის და ბიზნეს პროცესების გამარტივებას, ეფექტურობის ამაღლებას და სწრაფ განვითარებას განაპირობებს. სწორად აწყობილი და კომპანიაზე მორგებული ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა კი კომპანიის წარმატების ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა. ამ მიზნებისთვის ბევრი კომპანია აუთსორსინგს მიმართავს. აუთსორსინგი არის სერვისი, რომლის დროსაც მომსახურე კომპანია პასუხისმგებლობას იღებს თავის თავზე, ეფექტიანად მართოს დამკვეთი ორგანიზაციის IT ინფრასტრუქტურა. აღნიშნულ თემაზე აუდიტორულმა კომპანიამ KPMG კვლევა ჩაატარა, რომლის თანახმად, 2014 წლის მონაცემებით IT და ბიზნეს პროცესების აუთსორსინგზე გლობალური მოთხოვნის უდიდესი წილი ამერიკასა და ევროპაზე მოდის. IT ინდუსტრია ყველაზე მეტად ინდოეთში, ჩინეთში და მექსიკაშია განვითარებული. ცენტრალურ ევროპაში აუთსორსინგის ლიდერი პოლონეთია. კვლევის მიხედვით, საქართველოში ეს ინდუსტრია კარგად არ არის განვითარებული, - თემის დეტალებით ’’ბიზნესკონტრაქტთან“ ’’სილიკონ ველი თბილისი“-ს ხელმძღვანელი მიხეილ ბატიაშვილი საუბრობს.
- ბატონო მიხეილ, ფაქტია, რომ რადგან უკვე მაღალტექნოლოგიური ცენტრი ’’სილიკონ ველი თბილისი“ გვაქვს და ასევე ტექნოლოგიურ სტარტაპებს საქართველოში ასოციაცია დაჭირდა, ამ კუთხით მოქმედება დაწყებულია, როგორია განვითარების ტემპი თქვენს მაგალითზე და ხელისშემწყობ და ხელისშემშლელ ფაქტორებად რას ხედავთ?
-უპირველესად, აუდიტორული კომპანიის KPMG კვლევას გამოვეხმაურები, რომელიც მართლაც საინტერესო მონაცემებს იძლევა, მაგრამ იგივე ჩვენი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ უნივერსიტეტმა შეძლო და 11 მილიონ აუთსორს სამუშაოზე მოიპოვა წვდომა. ეს ბაზები ხელმისაწვდომი გავხადეთ. დაახლოებით 1,5 თვის წინ, რაც ეს პროექტი დავიწყეთ, ამ სფეროში პირველად კადრები გადამზადდა. დღეს უკვე ბევრი წარმატებული ადამიანი გვყავს, რომელიც აუთსორსის სფეროშია დასაქმებული. არიან კადრები, რომლებიც კვალიფიკაციიდან გამომდინარე, დღიურ სამუშაოში 10 აშშ დოლარიდან 300 აშშ დოლარამდე იღებენ. ამის მაგალითია დღევანდელი დღეც, როდესაც ჩვენთან 50 ადამიანი, რომელიც სწორედ იმაზე, თუ როგორ მოხდეს ამ ბაზებში და როგორ იშოვოს სამუშაო, გადიოდა გადამზადებას. აუთსორსის სამუშაოების თემა ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც საუბარი იყო თუ რამდენად შეუძლიათ პატარა ქვეყნებს ამაში კონკურენციის გაწევა, 1,5 თვეში ჩვენ რა ნაბიჯებიც გადავდგით დავინახეთ, რომ ამ სფეროში ძალიან ბევრმა ადამიანმა შეძლო დასაქმება. ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან მაგალითად, ბელარუსი აუთსორს სამუშაოებიდან დაახლოებით 1 მილიარდი აშშ დოლარის ყოველწლიურ ექსპორტს ეწევა. ეს რეალურად მხოლოდ მასშტაბზე არ არის დამოკიდებული. უნდა ავირჩიოთ სფერო, რაც შეიძლება მეტი განათლება შევიტანოთ და ადამიანებს სწორად ავუხსნათ ამ შესაძლებლობების შესახებ. ეს მართლაც უზარმაზარი პოტენციალია. დღეს, როდესაც მთავრობა ზრუნავს რაც შეიძლება მეტი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნას, პარალელურად შესაძლებელია სწორედ ამ ადამიანების ინფორმირებულობით კიდევ მეტი სტიმული მივცეთ იმას, რომ ადამიანებმა ამის შესახებ გაიგონ, სწორი ცოდნა მიიღონ და რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაერთოს ამ სამუშაოებში.
- KPMG-მ რამდენიმე სფერო გამოყო, ესენია: ფინანსები და აღრიცხვა, კლიენტებთან ურთიერთობების მართვა, ადამიანური რესურსების მართვა, ტელეკომუნიკაციის სერვისები, წარმოების სერვისები და IT ინფრასტრუქტურის მართვა. როგორ ფიქრობთ, ამ სფეროებიდან სად გვაქვს მეტი შანსი, რომ კონკურენტული უპირატესობა მოვიპოვოთ და რის ხარჯზე?
- სფერო ძალიან ბევრია და ბევრ მათგანში ძალიან მრავალფეროვანი შესაძლებლობებია, მაგრამ იგივე ჩვენი უნივერსიტეტის მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ ყოველდღიურად მილიონობით სამუშაო ჩნდება. გარდა KPMG-სა ჩვენც საკმაოდ ღრმა ანალიზი ჩავატარეთ იმის შესახებ თუ ეს შესაძლებლობები სად არის. მომდევნო თვიდან ჩვენ ერთ-ერთი კონკრეტული სფერო ავირჩიეთ, რომელიც მობილური აპლიკაციების IT სფეროს შეეხება. ვფიქრობთ, რომ თებერვლიდან ძალიან ბევრ იმ კადრს მივიღებთ და გადავამზადებთ, რომელიც ამ სფეროში წარმატებით ჩაერთვება. ხშირად ახსენებენ, რომ მთავრობამ რაღაც ნაბიჯი უნდა გადადგას და ვიღაცა ვიღაცას უნდა დაელოდოს, თუმცა ჩვენ ჩვენს მაგალითზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩავატარეთ კვლევა, ავირჩიეთ სფერო და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა დავიწყეთ. ჩვენ ძალიან სწრაფად შევძელით ის, რომ უკვე ბევრი ადამიანი გადამზადებული და რაც მთავარია, წარმატებით დასაქმებულია. ახლა ჩვენი მიზანია, ამის მასშტაბი გავზარდოთ, რაც შეიძლება მეტ ადამიანს გავაგებინოთ ამ შესაძლებლობების შესახებ და რაც შეიძლება სწრაფი ნაბიჯებით დავიწყოთ ახალი სამუშაოების მოძებნა.
- თქვენ ხაზს უსვამთ, რომ ეს რეალურად თქვენზეა დამოკიდებული და არ არის აუცილებელი, რაიმე ფორმით სახელმწიფო იყოს ამაში ჩართული?
- რატომღაც ყველა სხვას ელოდება, რომ რაღაცა გააკეთოს. მე ვფიქრობ, რომ ეს ცოტა არასწორი დამოკიდებულებაა. ჩვენი უნივერსიტეტის პოზიციაა, რომ ჩვენ ჩვენივე მაგალითით შეგვიძლია ბევრი რაღაცის გაკეთება და ჩვენი მაგალითებით გაჩვენებთ, რომ ამას აუცილებლად შევძლებთ. ბევრი რომ აგვყვეს და ამაში ჩაერთოს, რა თქმა უნდა, უფრო მეტ შედეგს მივიღებთ, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მაგალითად, ვიღაცამ ვიღაცას უნდა უთხრას მაინც და მაინც რომ ეს დაიწყოს. არიან ადამიანები, რომლებიც დღეს წარმატებით არიან დასაქმებულები, რომლებსაც შემოსავალი გაუჩნდათ, ვფიქრობთ, რომ ეს იმდენად მნიშვნელოვანი საქმეა და ღირს ეს ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ.
- KPMG-ის კვლევა ერთ-ერთ მთავარ და მოკლევადიან მიზნად გამოყოფს და ადგენს, რომ პლატფორმებისა და ბაზრების შექმნა უნდა მოხდეს. შეიძლება, რომ თქვენი უნივერსიტეტი ჩავთვალოთ ამ ტიპის პლატფორმად და თუ შეგიძლიათ გვითხარით რა მიმართულებით მიმდინარეობს თქვენთან მუშაობა?
- ერთ-ერთი ჩვენი მთავარი ამოცანა ამ სამუშაოებთან წვდომა იყო, რაც ჩვენ უმოკლეს პერიოდში შევძელით. ეს ეტაპი ჩვენ უკვე გადალახული გვაქვს. დღეს ჩვენს უნივერსიტეტს მილიონობით სამუშაოზე წვდომის შესაძლებლობა აქვს. მეორე ეტაპი, რაც დავიწყეთ სფეროები ძალიან ბევრია. შესაძლებელია ადამიანების გადამზადება და ბევრ სფეროში დასაქმება. სატესტო რეჟიმში რაც ჩვენ გავაკეთეთ, 1,5 თვეში შევძელით ის, რომ გვაქვს მაგალითი იმისა, რომ არის ადამიანი, რომელიც დღიურ ანაზღაურებას დაახლოებით 300 აშშ დოლარს იღებს.
- თქვენ აღნიშნავთ, რომ ხელფასი არ არის ერთადერთი კონკურენტული უპირატესობა?
-სამუშაოები მრავალფეროვანია. არის სამუშაოები, სადაც გადამწყვეტი თავისთავად ხელფასია, მაგრამ არიან მაღალ კვალიფიციური ადამიანები, რომლებსაც კონკურენციის გაწევა შეუძლიათ და ისეთ სამუშაოს იზიდავენ, რომელიც საკმაოდ მაღალანაზღაურებადია. სპექტრი ამაში საკმაოდ დიდია. ამ სფეროში ჩვენ უფრო დიდ პრობლემას ადამიანების კვალიფიკაციაში ვხედავთ, ანუ რაც შეიძლება სწორად უნდა იყოს ადამიანი მომზადებული, რომ ასეთ პროცესებში ჩაერთოს. ჩვენი უნივერსიტეტის პირობებშიც ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი არის სწორად გადამზადება, როგორც საუნივერსიტეტო პროგრამაში, ასევე გადამზადების პროგრამებში, რომ ადამიანებმა ის პრაქტიკული უნარები და ცოდნა მიიღონ, რომელიც მათ რეალურ სამუშაოს მოუტანს და არა ის, რომ ამთავრებ უნივერსიტეტს და არ იცი რით დაკავდე. ჩვენი უნივერსიტეტის კონცეფცია სწორედ იმაზეა აგებული, რომ რაც შეიძლება პრაქტიკული ცოდნა მივცეთ, რომ სწავლის პროცესშივე მოახერხონ სამუშაოებში ჩართვა. ერთ-ერთი ყველაზე მთავარი და დიდი პრობლემა, რაც აქ დგას, ეს სწორი ცოდნა და ადამიანების სწორი კვალიფიკაციაა, თორემ გარწმუნებთ, რომ სამუშაო მეტია და ქვეყანასაც გაცილებით მეტი შესაძლებლობა გააჩნია, ძალიან ბევრი კარგი კადრები გვყავს და დღეს მთავარია ადამიანებს მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ და სწორი ცოდნა მივცეთ.