"საქართველოს ფოსტიდან" გათავისუფლებული თანამშრომლები უფლებების დასაცავად სასამართლო დავას განაგრძობენ. როგორც ფოსტის მუშაკთა პროფკავშირების წარმომადგენელმა სულიკო მაშიამ bm.ge-სთან საუბრისას განაცხადა, ამჟამად სამივე ინსტანციის სასამართლოში 12 სარჩელი განიხილება. მისივე თქმით, 9 მათგანმა პროცესი ერთხელ უკვე მოიგო, კომპენსაციაც მიიღო და დაკავებულ თანამდებობებზეც აღიდგინეს თავი, თუმცა, „საქართველოს ფოსტის“ ხელმძღვანელობამ ისინი ხელახლა გაათავისუფლა.
სულიკო მაშიას განცხადებით, დიდი შანსია, რომ პროცესი ამჯერადაც გათავისუფლებული თანამშრომლების სასარგებლოდ დასრულდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ „საქართველოს ფოსტას“ მათთვის დაახლოებით 300 ათასი ლარის გადახდა მოუწევს.
უნდა აღინიშნოს, რომ სასამართლომ უკანონოდ უკვე სცნო, 2013-15 წლებში 48 ადამიანის გათავისუფლება, რის გამოც „საქართველოს ფოსტამ“ მილიონ 400 ათასი ლარის კონპენსაცია უკვე გადაიხადა.
"ხელმძღვანელობამ უკანონო გათავისუფლებების გამო საკმაოდ დიდი ზიანი მიაყენა სახელმწიფოს, ასეულ ათასი ლარის კონპენსაცია გაიცა, ისინი კი კვლავ თანამდებობებზე არიან, მოვუწოდებ სახელმწიფო ორგანოებს რეაგირება მოახდინონ",-აცხადებს სულიკო მაშია.
მისივე ინფორმაციით პროფკავშირებისგან დამოუკიდებლად სასამართლო დავას კიდევ 15- მდე ადამიანი აწარმოებს, რაც ასევე დამატებითი ფინანსური ზარალია სახელმწიფო კომპანიისთვის.