პროფსასწავლებლების კურსდამთავრებულთა 56% დასაქმებულია,- ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი BM.GE-სთან აცხადებს.
მისი თქმით, სახელმწიფო დუალური განათლების სისტემის განვითარებაში აქტიურად არის ჩართული, რაც გულისხმობს, რომ პროფესიული სასწავლებლების სტუდენტები პარალელურ რეჟიმში კონკრეტულ კომპანიაში გადიან პრაქტიკას.
"ვაწარმოებთ პროფესიული განათლების კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებლის კვლევას, ბოლო 3-4 წელიწადია ამას ვაკვირდებით. ვხედავთ, რომ ეს მაჩვენებელი სტაბილურად მზარდია ყოველწლიურად. როდესაც 2013 წელს გაკეთდა სახელმწიფო აუდიტის მიერ ეფექტიანობის კვლევა, ამან აჩვენა, რომ პროფესიული განათლების კურსდამთავრებულთა 33% იყო დასაქმებული, დღეს ეს მაჩვენებელი 56%-ს აღწევს, რიგი პროგრამების მიხედვით ეს 70% და უფრო მაღალიც არის“,- აცხადებს ქეთევან ნატრიაშვილი.
მისი თქმით, დუალური სისტემის განვითარებაში მსხვილი ბიზნესი აქტიურად არის ჩართული, თუმცა, სამუშაოა მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან.
"მსხვილი ბიზნესი ძირითადად ძალიან დაინტერესებულია და უკვე სურს ჩაერთოს სწავლების პროცესში. ის ასევე ჩართულია პროფესიული სტანდარტის შემუშავებაში, ანუ თავად ადგენს იმ სპეციალისტის პორტრეტს, რომელსაც დაიქირავებდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც საგანმანათლებლო პროგრამას სწორედ ამის მიხედვით ვადგენთ. გარკვეული სამუშაოები გვაქვს ჩასატარებელი, რომ მცირე და საშუალო ბიზნესი ჩაერთოს ამის შემუშავებაში",- აცხადებს ქეთევან ნატრიაშვილი.