ფინანსთა სამინისტრო ბიზნესისთვის იწყებს დღგ-ს ზედმეტობის დაბრუნების გამარტივებული სისტემის დანერგვას. ფინანსთა მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, ბიზნესმა მყისიერად უნდა იგრძნოს აღნიშნული რეფორმით გამოწვეული უპირატესობა და დადებითი შედეგები.
„ის სექტორები და ბიზნეს ორგანიზაციები, რომლებიც წარმოდგენენ დღგ-ს ზედმეტობის მქონე კომპანიების აბსოლუტურ უმრავლესობას და აკმაყოფილებენ ყველა ძირითად პარამეტრს, მათ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო სთავაზობს დღგ-ს ზედმეტობის დაბრუნებას 5-დღიან ვადაში.
ხოლო იმ კომპანიებს, რომლებსაც ობიექტური მიზეზის გამო, სჭირდებათ გარკვეული დრო ყველა კრიტერიუმის დასაკმაყოფილებლად, ფინანსთა სამინისტრო სთავაზობს აღნიშნული კრიტერიუმების დაკმაყოფილებას 14-დღიან პერიოდში და დღგ-ს ზედმეტობის დაბრუნებას იმ ოდენობით, რაც მათ ეკუთვნით“, - განაცხადა ბახტაძემ.
მისივე თქმით, დამატებული ღირებულების გადასახადის ზედმეტობის დაბრუნების ავტომატური სისტემის სრულფასოვანი ამოქმედების შემდეგ, ბიზნესს არ ექნება შეხება ბიუროკრატიასთან.
„სპეციალურად შექმნილი პროგრამული უზრუნველყოფა და ინფრასტრუქტურა, ავტომატურ რეჟიმში დააბრუნებს დღგ-ს ზედმეტობას. უკვე მზადდება ცვლილებები შესაბამის კანონქვემდებარე აქტებში, რომლებიც უახლოეს პერიოდში ამოქმედდება.
ფინანსთა სამინისტრო კიდევ ერთხელ ადასტურებს აღნიშნული რეფორმის დაწყებას და მოუწოდებს ბიზნესს მომავალი კვირიდან მაქსიმალურად ჩაერთონ აღნიშნული რეფორმის განხორციელების პროცესში“, - განაცხადა მინისტრმა.