Home
Category
TV Live Menu

პროკურატურა გურამ რჩეულიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ განცხადებას ავრცელებს

58e631a427655
BM.GE
06.04.17 16:05
1081
საქართველოს პროკურატურა გურამ რჩეულიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ განცხადებას ავრცელებს. 

„თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. „ბათუმის მაგნოლიის“ საქმეზე დიდი ოდენობით თანხების მითვისების ფაქტზე ბრალდებულ გურამ რჩეულიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოთი შეუცვალა. იმის გათვალისწინებით, რომ გურამ რჩეულიშვილის აღკვეთის ღონისძიების სახედ შეფარდებული პატიმრობის მაქსიმალური ცხრათვიანი ვადა მიმდინარე წლის 12 აპრილს იწურებოდა და ამ ვადის ამოწურვამდე ვერ ხდებოდა საქმის არსებითი განხილვის დასრულება, ბრალდების მხარემ მიმართა სასამართლოს გურამ რჩეულიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე და იმ მოტივით, რომ კვლავაც არსებობდა გურამ რჩეულიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების კანონით გათვალისწინებული საფუძვლები, კერძოდ მისი მიმალვისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე, მისთვის გირაოს შეფარდება მოითხოვა. სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია და გურამ რჩეულიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო 30 000 ლარის ოდენობით შეუფარდა. მას ასევე დამატებითი ღონისძიების სახით ჩამოართვა საქართველოს მოქალაქის პასპორტი და პირადობის მოწმობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში გრძელდება მაია და გურამ რჩეულიშვილების ბრალდების საქმის არსებითი განხილვა. პროკურატურამ მტკიცებულებების წარდგენა 2017 წლის იანვარში დაასრულა, რომლის ფარგლებშიც ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში დაკითხული იქნა 60-მდე მოწმე და გამოკვლეული იქნა წერილობითი მტკიცებულებების 42 ტომი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა. პროკურატურა მიმართავს მის ხელთ არსებულ, კანონით გათვალისწინებულ ყველა ზომას საქმის არსებითი განხილვის დროულად დასრულებისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.

Subscribe to our news

Get the main news of the day