საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, სულხან მოლაშვილის ოჯახს სოფელ წავკისში მდებარე უკანონოდ ჩამორთმეული აგარაკი დაუბრუნა.
სამინისტროს ცნობით, დეპარტამენტის მიერ გახსნილია ქონების უკანონოდ ჩამორთმევის მორიგი დანაშაულებრივი ფაქტები. კერძოდ, ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2004 წლის 23 აპრილს, პროკურატურას, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, ბრალდებულის სახით დაკავებული ჰყავდა საქართველოს კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე სულხან მოლაშვილი, რომელსაც აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა და მოთავსდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.
„2004 წლის ივლისში, სულხან მოლაშვილის ძმას - თორნიკე მოლაშვილს დაუკავშირდნენ პროკურატურიდან და სულხან მოლაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის არასაპატიმრო ღონისძიების შეცვლის სანაცვლოდ, მოსთხოვეს ქ. თბილისში, სოფელ წავკისში მდებარე ერთ-ერთი აგარაკის შეძენა და შემდგომში სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადაცემა.
მას შემდეგ, რაც სულხან მოლაშვილის ოჯახის წევრები: მისი ძმა თორნიკე მოლაშვილი და მისი მეუღლე თამთა ბახტურიძე დაარწმუნეს, რომ მოთხოვნის შესრულების შემთხვევაში, მოხდებოდა სულხან მოლაშვილის საპატიმრო დაწესებულებიდან გათავისუფლება, ისინი იძულებულნი გახდნენ დათანხმებოდნენ ამ პირობის შესრულებას. ამ მიზნით, სულხან მოლაშვილის ოჯახის წევრებმა ბანკიდან აიღეს სესხი და შეთანხმებისამებრ, 2004 წლის 14 ივლისს, 140 000 ლარად შეიძინეს სოფელ წავკისში მდებარე აგარაკი, რომელიც იმავე დღეს, უსასყიდლოდ გადასცეს სახელმწიფოს. მიუხედავად სულხან მოლაშვილის ოჯახის წევრების მიერ მოთხოვნის შესრულებისა, მაინც არ მოხდა სულხან მოლაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლა და საპატიმრო დაწესებულებიდან მისი გათავისუფლება“,- აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.