პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობა გაიხსნა. როგორც თბილისის მერიაში განმარტავენ, ახალი ესტაკადა საცობებისგან განტვირთავს ქალაქის მნიშვნელოვან ნაწილს - თავისუფლების მოედანს, მაჩაბელის, აფხაზის, ჭანტურიას, ფურცელაძის, თაბუკაშვილის, ლაღიძის, ლეონიძის, ბესიკის, ათონელის, ვირსალაძის, ვაჩნაძის, უკრაინკას, პუშკინისა და სხვა ახლომდებარე ქუჩებს, ასევე, გამსახურდიას სახელობის მარჯვენა სანაპიროს.
თბილისის მერიის ცნობით, ესტაკადა ლითონის კონსტრუქციით არის ნაგები და ახალი ხიდის სიმაღლის დონე თითქმის არსებული გზის შესაბამისია. ახალი ესტაკადა, კონცეფციის თანახმად, ძველი ქალაქის სტილში ჩაჯდება, გამომდინარე აქედან, ხიდის მშენებლობით ძველი თბილისის იერსახე არ დაიკარგება და ესტაკადის ქვეშ აღმოჩენილი ქალაქის ნანგრევები შენარჩუნდება.