"ქარელის ჩირის" პროდუქცია, შესაძლოა, დუბაისა და ინგლისში გაიყიდოს. ექსპორტზე მოლაპარაკებებს კომპანია უცხოურ მხარეებთან აწარმოებს.
კომპანიის დამფუძნებელი თამარ რაზმაძე "საქმის კურსთან" აცხადებს, რომ მოლაპარაკებები რამდენიმე თვეა მიმდინარეობს, თუმცა, კონკრეტული თარიღს, როდის შეიძლება პროდუქცია საზღვრებს გარეთ გავიდეს, რაზმაძე ვერ ასახელებს.
თამარ რაზმაძე აცხადებს, რომ დაინტერესება არის ჩინეთის მხრიდანაც.
ამ ეტაპზე "ქარელის ხილი" რამდენიმე სახეობის ხილის ჩირს აწარმოებს, მათ შორის არის ქლიავის, ვაშლის, მსხლის და ა.შ. რამდენიმე დღის წინ კომპანიამ ატმისა და ხურმის ჩირი დაამატა.
"ქარელის ჩირის" მწარმოებელი "ქარელის აგრო-ინდუსტრიული კომპანია" 2015 წელს დაარსდა. კომპანია ქარხანას ქარელის რაიონში, მდინარე ძამას ხეობის მიდამოებში ფლობს. საწარმოს მიერ გამოყენებული ნედლეული მოყვანილია ქარელის, გორის და ბაღდათის რაიონებში. კომპანიას ასევე აქვს 25 ჰექტარი სხვადასხვა ხეხილის ბაღები, საწარმოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ბაღებიდან მიღებული ნედლეული ასევე გამოიყენება წარმოებისათვის.