საქართველოს მოქალაქეები ქარის ელექტორსადგურის აქციების შეძენას შემოდგომიდან შეძლებენ. სწორედ ამ პერიოდში გეგმავს ხელისუფლება ელექტოსადგურის აქციების საფონდო ბირჟაზე განთავსებას,- ამის შესახებ Bm.ge-ს "ქართლის ქარის ელექტროსადგურის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ თორნიკე ყაზარაშვილმა განუცხადა. თუმცა, ჯერ ცნობილი არ არის, რა მოცულობის აქციები გავა ბირჟაზე და რა იქნება თითოეულის ნომინალური ღირებულება.
როგორც "ქართლის ქარის ელექტროსადგურის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე თორნიკე ყაზარაშვილი აცხადებს, ამ ეტაპზე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან სამართლებრივ საკითხებზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. რადგან ქარის ელექტროსადგური EBRD-ის 22 მილიონიანი სესხით აშენდა.
სადგური ექსპლუატაციაში 2016 წლის 20 დეკემბერს ოფიციალურად შევიდა. წლის განმავლობაში 87 800 000 კილოვატ საათი ელექტროენერგია გამოიმუშავა და შემოსავლებმა 5 მილიონ დოლარს გადააჭარბა.
ქარის ელექტროსადგურის აქცების საფონდო ბირჟაზე განთავსების ინიციატივა პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გასული წლის ზაფხულში მთავრობის სხდომაზე გააჟღერა.
“რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენს მოქალაქეებს გაუჩნდეთ ჩართულობის შეგრძნება იმ ძალიან მნიშვნელოვან პროექტებში, რომლებსაც ჩვენ ვახორციელებთ. ასევე, ადგილობრივ ინვესტორებს მიეცემათ შანსი, შეიძინონ ამ პროექტის აქციები, ვინაიდან მომზადდება პროექტი ადგილობრივ საფონდო ბირჟაზე საჯარო შეთავაზებისთვის. ეს არის ძალიან კარგი პრეცედენტი, რომელიც ერთადერთი არ იქნება. ჩვენ ამ მიმართულებით კიდევ არაერთ ნაბიჯს გადავდგამთ“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.