ქართლის ქარის ელექტროსადგური აუქციონზე გასაყიდად, სავარაუდოდ, მიმდინარე ზაფხულში გამოვა. ქარის ელექტროსადგურის გასაყიდი ფასი დაქირავებულმა აუდიტორიულმა კომპანიამ დაადგინა, თუმცა, კომპანიის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე თორნიკე ყაზარაშვილი ჯერჯერობით არ ასახელებს ობიექტის ღირებულებას.
მისი თქმით, ქარის ელექტროსადურის ღირებულება აუქციონის პირობებთან ერთად მთავრობაშია გადაგზავნილი და დამტკიცებას ელოდება.
თორნიკე ყაზარაშვილი ამბობს, რომ მთავრობა გადაწყვეტილებას, სავარადოდ, ივნისის ბოლოს მიიღებს, რის შემდეგაც სადგურს აუქციონზე გამოიტანენ.
შეგახსენებთ, რომ სადგური 27 იანვრიდან მოიხსნა სატესტო რეჟიმიდან და კვალიფიციურ საწარმოდ დარეგისტრირდა. შესაბამისად, ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი სადგურის მიერ გამომუშავებულ 1 კვტ.სთ ელექტროენერგიას 6.89 აშშ ცენტად ყიდულობს.
ცნობისთვის "ქართლის ქარის ელექტროსადგურის" დადგმული სიმძლავრე 20,7 მგვტ-ს შეადგენს. სადგური შედგება 6 ცალი 3,45 მგვტ-ის სიმძლავრის ქარის ტურბინისაგან.