Home
Category
TV Live Menu

ქართულ ბაზარზე ახალი, ამერიკული ჯიშის მარწყვი გაიყიდება

5a632313b5cc1
მაია ბიწაძე
21.01.18 10:00
1378
აპრილიდან საქართველოს სუპერმარკეტებსა და რესტორნებში ახალი, ამერიკული ჯიშის მარწყვი "ალბიონი" გაიყიდება. ჯიში განსაკუთრებული გემოვნური თვისებებით ხასიათდება და საკმაოდ ძვირადღირებულია, კერძოდ, კილოგრამი 7-8 ლარი ეღირება.

"ალბიონის" ჯიშის მარწყვი, რომელიც კალიფორნიაში 2006 წელს გამოიყვანეს, გურჯაანელმა ფერმერმა, ნიკოლოზ ფურცელაძემ ჰექტარნახევარზე გააშენა, რაშიც 84 ათასი ლარის ინვესტიცია ჩადო. როგორც ფერმერი აცხადებს, ამ ჯიშის მარწყვზე არჩევანი იმის გამო შეაჩერა, რომ ის უხვმოსავლიანი და გამძლეა.

"ეს ჯიში ძალიან გემრიელია, ნაყოფი მოზრდილია და 30-40 გრამს იწონის, არის ლამაზი და ძალიან ტკბილი, გვიან ფუჭდება, ანუ სიგრილეში მინიმუმ ერთი კვირა ინახება, თანაც მოსავალს წელიწადში სამჯერ იძლევა, აპრილიდან ოქტომბრის ჩათვლით. ამერიკაში მარწყვის ჯიშებს ყოველ 7 წელში ერთხელ ანახლებენ, ბოლოს ახალი ჯიში 2013 წელს გამოიყვანეს, რაც ჯერ ქვეყნის ფარგლებს გარეთ არ გააქვთ, 2006 წლის ჯიში კი "ალბიონია", რომელიც, რამდენადაც ვიცი, საქართველოში ჯერ არავის შემოუტანია“, - განაცხადა Bm.ge - სთან საუბრისას ნიკოლოზ ფურცელაძემ.

ფერმერმა 70 ათასი ძირი მარწყვი გურჯაანში, კუთვნილ მიწაზე დარგო, საიდანაც პირველ წელს 20 ტონა მოსავალს ელოდება, მომდევნო წელს კი, მისი თქმით, მოსავლიანობა 70-80 ტონამდე გაიზრდება, ჯიში სამ-ოთხ წლიანია.

Subscribe to our news

Get the main news of the day