ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს საქართველოსა და თურქეთის ეკონომიკის მინისტრების შეხვედრაზე, რომელიც თურქეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის, ბინალი ილდირიმის საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. გიორგი გახარიამ და ნიჰათ ზეიბექჩიმ საქართველოსა და თურქეთს შორის ვაჭრობის შემდგომი ლიბერალიზაციის საკითხებზე ისაუბრეს და აღნიშნეს ის დიდი პოტენციალი, რაც ორ ქვეყანას გააჩნია ექსპორტ-იმპორტის, ტურიზმის, ინოვაციების, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სხვა მნიშვნელოვან სფეროებში ურთიერთანამშრომლობის მიმართულებით.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მიმდინარე მოლაპარაკებებს საქართველოსა და თურქეთს შორის გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფართოების შესახებ, რომელიც ითვალისწინებს საქონლით ვაჭრობის შემდგომ ლიბერალიზაციას და ასევე მომსახურებით ვაჭრობის ლიბერალიზაციის დამატებას.
"როგორც შეხვედრაზე ითქვა, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მიმდინარე მოლაპარაკების ფარგლებში თურქეთის მხრიდან განხილულ იქნას ვაჭრობის შემდგომი ლიბერალიზაცია ისეთ პროდუქციაზე, როგორიცაა ღვინო, თაფლი, ცოცხალი პირუტყვი, ყურძენი, ჩაი, ხილი და ხილის ჩირი, ხილის ჯემები, ხილისა და ბოსტნეულის წვენები, თევზის ფქვილი და სხვა პროდუქტები, რაც ხელს შეუწყობს თურქეთის ბაზარზე ქართული წარმოშობის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მოცულობის ზრდას, ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის კიდევ უფრო მეტად განვითარებას და უფრო მეტ ქართველ მეწარმეს მისცემს საშუალებას ისარგებლოს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ დაჩქარდება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში აღნიშნული ცვლილებების განხორციელების, ასევე საქართველოსა და თურქეთს შორის სერვისებით ვაჭრობის ლიბერალიზაციის პროცესი",- ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.