საქართველოს ნავსადგურებში ტვირთების გადაზიდვის მაჩვენებელი ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად შემცირდა, მაშინ როდესაც შავის ზღვის აუზის ქვეყნების ნავსადგურებში ტვირთბრუნვის მაჩვენებელი ზრდით ხასიათდება.
2017 წელს საქართველოს ნავსადგურებში სულ 16,2 მილიონი ტონა ტვირთის გადამუშავება მოხდა, ანუ 24%-ით ნაკლების, ვიდრე 2014 წელს, როდესაც ეს მაჩვენებელი 21,3 მილიონ ტონას შეადგენდა. მაშინ,როდესაც, ტვირთბრუნვა 13%-ით გაიზარადა რუსეთის ნავსადგურებში, 7%-ით - რუმინეთში, 6-6 %-ით თურქეთსა და ბულგარეთში.
რეგიონის ქვეყნებიდან შემცირება იყო მხოლოდ უკრაინაში, სადაც ტვირთბრუნვა 2016 წელს 2014 წელთან შდარებით 7%-ით შემცირდა, რასაც "სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის" დირექტორი, ექსპერტი პაატა ცაგარეიშვილი, ამ ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციას უკავშირებს.
მისივე აზრით, საქართველოში ტვირთნაკადების შემცირების ძირითადი მიზეზი ქართული დერეფნის დაბალი კონკურენტუნარიანობა და სატარიფო სფეროში მეზობელ ქვეყნებთან კორდინაციის დაბალი დონეა, გარდა ამისა, დერეფნის მთელს სიგრძეზე არსებობს ინფრასტრუქტურული პრობლემები, რაც მნიშვნელოვნად ზღუდავს დერეფნის გამტარუნარიანობას.
"ტვირთების შემცირების ძირითად მიზეზს რკინიგზაზე და ნავსადგურებში მაღალი ტარიფები და გადაზიდვის ხანგრძლივობა წარმოადგენს, რითაც სარგებლობენ კონკურენტი დერეფნები და ახდენენ ტვირთების მოზიდვას, რომელიც სავარაუდოდ ჩვენი მიმართულებით უნდა წმოსულიყო", - აცხადებს პაატა ცაგარეიშვილი.
როგორც ექსპერტი განმარტავს, 2017 წელს რიგ ტვირთებზე ტარიფების შემცირების ღონისძიებები განხორციელდა, შედეგად საქართველოს ნავსადგურებში 2018 წელს 2-3 მილიონი ტონა ტვირთის დამატებით მოზიდვა იქნება შესაძლებელი, რაც ნაწილობრივ დააკომპენსირებს წინა წლებში დაკარგულ მოცულობებს.