ქართულ-შვეიცარული კომპანია "ბლაუნშტაინ საქართველო" მეცხოველეობის დარგში რაჭაში, სოფელ შარდომეთში 2008 წლიდან ოპერირებს. როგორც "ბლაუნშტაინ საქართველოს’’ ქართველი დამფუძნებელი "ბიზნესკონტაქტთან" აცხადებს, დღეის მდგომარეობით კომპანია მხოლოდ ხორცპროდუქტებს აწარმოებს, რომლის რეალიზაცია წარმოების მოცულობიდან გამომდინარე მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე, თბილისში, კომპანიის საფირმო მაღაზიაში ხორციელდება. კომპანიის წარმადობა წლის განმავლობაში 2500-3000 თავი საქონელია. უახლოეს პერიოდში კომპანია ადგილზე რძის პროდუქტების წარმოებასაც გეგმავს.
"როცა გვეყოლება საკმარისი რაოდენობა, ეს იქნება დაახლოებით 2-3 წელიწადში, ვაპირებთ გავუშვათ რძის წარმოებაც", - აცხადებს ირაკლი კერვალიშვილი. ამ ეტაპზე "ბლაუნშტაინ საქართველოს’’ ფერმა 600 სულ საქონელს ითვლის, სადაც ხელოვნური განაყოფიერების გზით ხდება მაღალპროდუქტიული შვეიცარული ჯიშის საქონლის გამოყვანა, რომლის წონა 800-1100 კილოგრამს აღწევს.
როგორც კომპანიის ქართველი დამფუძნებელი ამბობს, ისინი თანამშრომლობენ ადგილობრივ ფერმებთან, რომელიც მათი მოთხოვნილი სტანდარტით შენდება. ირაკლი კერვალიშვილის განმარტებით, კომპანია მათ აბარებს საქონელს მოსავლელად, ამაში კი ფერმერები შესაბამის ანაზღაურებას იღებენ. ,,8 ფერმერი გვყავს ეხლა. უახლოეს 2 წელიწადში გვინდა 20 ფერმერამდე ავიყვანოთ, რაც იმას ნიშნავს, რომ რაჭას უახლოეს 2-3 წელიწადში 20 შვეიცარული უნარ-ჩვევების მატარებელი ფერმერი ეყოლება", -აცხადებს კერვალიშვილი.
2015 წლის მდგომარეობით "ბალუნშტაინ საქართველომ" 18 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა. კომპანია უახლოეს 5 წელიწადში განხორციელებული ინვესტიცის გაორმაგებას გეგმავს, რაშიც რძის წარმოებაზეც გადასვლა მოიაზრება.