Home
Category
TV Live Menu

ქართულენოვანი ინტერნეტ-დომენების 70% ბიზნესკომპანიებმა დაარეგისტრირეს

5a685cd145081
თამუნა დემეტრაშვილი
24.01.18 13:38
699
ქართულენოვანი ინტერნეტ-დომენების 70% ბიზნესკომპანიების მიერაა რეგისტრირებული, სახელმწიფო ორგანოები კი საკუთარი ვებ-გვერდების მისამართების გაქართულებით დაინტერესებულნი არ არიან, - ამის შესახებ bm.ge-ს ააიპ საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების ცენტრიდან აცნობეს, რომელიც 2016 წლიდან ქართულენოვანი დომენების რეგისტრაციას ახდენს.

ამ პერიოდიდან დღემდე მხოლოდ 1240 ქართულენოვანი (.გე) დომენია რეგისტრირებული, მაშინ როცა ლათინური .ge ზონა 30 ათასამდე ვებ-გვერდს მოიცავს.

"ძირითადად ბიზნეს სუბიექტები აქტიურობენ, მისამართების 70%-ი სწორედ მათზე მოდის, შემდეგ ფიზიკური პირები, თუმცა ყველაზე მეტად სამწუხაროა, რომ სახელმწიფო უწყებების მხრიდან დაინტერესება მინიმალურია, მათ ჯერჯერობით მხოლოდ 15 დომენი აქვთ ქართულ ენაზე რეგისტრირებული. სამწუხაროდ, ქართულ ენოვანმა დომენებმა ჯერ-ჯერობით პოპულარობა ვერ მოიპოვა, რაოდენობა იზრდება, თუმცა არა იმ ტემპით, როგორითაც ვისურვებდით “, -აღნიშნეს ცენტრში.

“ვფიქრობთ, რომ ყველაზე დიდი ინტერესი სწორედ სახელმწიფო სტრუქტურებისაგან უნდა მოდიოდეს, რადგან ეს გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ ბიზნესი, ქართულენოვანი დომენების გავრცელება/გამოყენება რეალურად ხელს უწყობს ქართული ენის განვითარებას ინტერნეტ სივრცეში. მაშინ როდესაც ინტერნეტის განვითარება საფრთხეს უქმნის უნიკალური დამწერლობის მქონე ენებს, ნაციონალური დომენების გამოყენებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს”,-აღნიშნეს ტექნოლოგიების განვითარების ცენტრში.

ინტერნეტსივრცეში სახელებისა და ნომრების ინტერნეტკორპორაციის (IKANN) 2014 წლის გადაწყვეტილებით საქართველოს ოფიციალურად მიეცა უფლება ინტერნეტმისამართები მხედრული ანბანითა და .გე დაბოლოებით დაწეროს.

Subscribe to our news

Get the main news of the day