"კარგონი", - ასე ჰქვია ვებ-პლატფორმას და აპლიკაციას, რომელიც ტვირთის საავტომობილო გადაზიდვის მომსახურებას მაქსიმალურად გაამარტივებს როგორც დამკვეთისთვის, ასევე ექსპედიტორისთვის. პროექტის ავტორები "საპარტნიორო ფონდმა" "სტარტაპ საქართველოს" ფარგლებში 100 000 ლარით დააფინანსა.
"საქმის კურსს" "კარგონის" თანადამფუძნებელმა ვანო ჩალაძემ განუცხადა, რომ ამ დროისთვის აპლიკაცია შექმნის ეტაპზეა და მისი გაშვება სექტემბრისთვის იგეგმება. ჩალაძის თქმით, მიღებული დაფინანსებიდან უკვე ათვისებულია 78 ათასი ლარის ფინანსური რესურსი, დარჩენილი 22 ათასი ლარის გადმორიცხვა კი ჯერ არ განხორციელებულა.
აპლიკაციის მეშვეობით, ტვირთის მფლობელებს შესაძლებლობა ექნებათ ტვირთის პარამეტრების შესახებ ინფორმაციის მოწოდებიდან რამდენიმე წამში ტექნოლოგიის დახმარებით, შესაფერისი გადამზიდი იპოვონ.
"კარგონის" ერთ-ერთი დამფუძნებლის თქმით, მათ მიერ შექმნილი აპლიკაცია არამხოლოდ საქართველოში, არამედ რუსეთშიც იმუშავებს. ჩალაძის თქმით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს თურქ ინვესტორებთანაც.
პროექტის სრული ბიუჯეტი 125 000 ლარს შეადგენს.