პოლონეთში, კრაკოვში ქართული არტ-გალერეა გაიხსნება. არტ-კაფეში სახელწოდებით GMT ქართულ ღვინოსთან ერთად, ქართველი დიზაინერების პროდუქცია გაიყიდება.
საქართველოს შესახებ არტ-გალერეის გაკეთებას ქეთი ფრანგულაიშვილი საკუთარ პარტნიორთან ერთად აპირებს. მისი თქმით, ფართი უკვე ნაქირავები აქვს და არტ-გალერეა, სავარაუდოდ, ნოემბერში გაიხსნება.
პროექტის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ადგილზე წარმოდგენილი იქნება 15 ქართველი დიზაინერის ნაწარმი, პირველ ეტაპზე, ძირითადად ხელნაკეთი ტყავისა და ხის ჩანთები და სამკაულები იქნება, სამომავლოდ კი, ტანსაცმლის დამატებაც იგეგმება.
როგორც ქეთი ფრანგულაიშვილი ამბობს, ქართველი დიზაინერების პროდუქცია როგორც ფასით, ასევე ხარისხით კონკურენტუნარიანია იმ ნაწარმის, რომელიც პოლონეთის ბაზარზე იყიდება, ამიტომ პროექტის ავტორს წარმატების იმედი აქვს.
მისი თქმით, ადგილზე ქართული ღვინის ბართან ერთად, შესაძლებელი იქნება ქართული ღვინის შესახებ ინფორმაციის მიწოდება, ასევე, განთავსდება ბიბლიოთეკა.
პროექტის წარმოწყებამდე ქეთი ფრანგულაიშვილი პოლონეთში ახალგაზრდა ელჩი იყო, ამასთან საქმიანოდა ორგზანიაციაში "კულტურული ხედი საქართველოსთან", რამაც მსგავი არტ-გალერეის შექმნისკენ უბიძგა.
სამომავლოდ, პროექტის ავტორი მსგავსი სივრცეების გახსნას პოლონეთის სხვა ქალაქებშიც განიხილავს, თუმცა, მისი შეფასებით, ეს ჯერ შორეული პერსპექტივაა.
"არტ გალერეას GMT-ის დავარქვით, რაც Greenwich Mean Time-ს ნიშნავს. თუმცა, პოლონელები ჩვენი არაპუნქტუალურობის გამო ხშირად იცინიან, რომ ეს Georgian Maybe Time-ს ნიშნავს, სწორედ ამიტომ ეს სახელი დავარქვით არტ-კაფეს",- აცხადებს პროექტის ავტორი.