ქართულ პროდუქციაში მძიმე მეტალების რაოდენობა დასაშვებ ნორმებშია,- ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი აცხადებს. მისი თქმით, აშშ-ის არცერთ ფედერალურ უწყებას ქართული პროდუქცია არ აუკრძალავს, ამიტომ რა გახდა ნიუ იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტის მიერ ქართული სანელებლებზე გაფრთილების გავრცელების მიზეზი, სამინისტრო ამ საკითხზე დამატებით მუშაობს.
"ქართულ პროდუქციაში მძიმე მეტალების რაოდენობა არის დასაშვებ ნორმებში. შესაბამისად, ქართული პროდუქცია საიმედოა და სანდოა, სრული პასუხისმგებლობით გესაუბრებით. იყო ინფორმაცია გარკვეულ ნიმუშებში ტყვიის შემცველობის მომეტებული რაოდენობის შესახებ. არსებობდა ინფორმაცია ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტის ვებ-გვერდზე და ეს არ იყო არცერთი ფედერალური სააგენტოს ოფიციალური შეტყობინება საქართველოს მიმართ. არცერთ ფედერალურ უწყებას აშშ-ში არ დაუწესებია შეზღუდვა ქართულ პროდუქციაზე, მათ შორის სუნელებზე, რომელიც დაშვებულია. აშშ-ის სურსათის კონტროლის ძირითადი უწყებები, რომლებიც ჩვენთან კარგ კომუნიკაციაში არიან არ კრძალავენ ჩვენს პროდუქციას. შესაბამისად, ერთეული შემთხვევები, რომლებიც დაფიქსირდა, რა თქმა უნდა, საჭიროებს დამატებით შესწავლას, იმისთვის, რომ დავადგინოთ პრობლემის მიზეზი. სწორედ ამიტომ ვთანამშრომლობთ პროაქტიულად ამ კონკრეტულ უწყებასთან, რომ დავადგინოთ, რა იყო მიზეზი, მათ შორის დიპლომატიური არხების მეშვეობით. იმედი გვაქვს, უფრო მეტი ინფორმაცია მოგვცემს საშუალებას, მეტი კომენტარი გავაკეთოთ. აჟიოტაჟი ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია",- აცხადებს ლევან დავითაშვილი.
მინისტრი განმარტავს, რომ სხვადასხვა ტიპის პროდუქციის შემოწმება რეგულარულად ხდება.
„თუ გარკვეული კითხვები ისმის პროდუქტების მიმართ, გააქტიურება მეტია სურსათის უვნებლობის სამსახურების მხრიდან. ჩვენ რეგულარულად ვამოწმებდით სუნელებში, გამხმარ მწვანილებში მძიმე მეტალების შემცველობას, თუმცა, ეს რაოდენობა გაიზარდა“,- აცხადებს მინისტრი.
შეგახსენებთ, რომ ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტმა ქართულ სანელებლებში ტყვიის მაღალი შემცველობის გამო მოსახლეობას გააფრთხილა.