წელს თხილის მოსავალი უამინდობამ და მავნებელმა გაანადგურა,- ამის შესახებ "საქმის კურსს" "თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის" გამგეობის თავმჯდომარემ ალექსანდრე მოწერელიამ განუცხადა.
მისი თქმით, ექსპორტის შემცირების მიზეზი პირველ კვარტალში სწორედ ცუდი მოსავლიანობა იყო.
ალექსანდრე მოწერელია ამბობს, რომ წელს თხილს, ერთი მხრივ, ჭარბი ტენიანობის გამო სოკოვანი დაავადება გაუჩნდა, მეორე მხრივ კი მავნებელი - აზიური ფაროსანა.
აზიურმა ფაროსანამ თხილის მოსავალი შარშანაც გაანადგურა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გასულ წელს მავნებლის გამო მიყენებულმა ზარალმა 63 მილიონი ლარი შეადგინა. ხელისუფლება წელს მავნებლის წინააღმდეგ სპეციალურ პროგრამას იწყებს, რომლისთვისაც 13 მილიონი ლარი დაიხარჯება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოდან თხილისა და კაკლის ექსპორტი მკვეთრად შემცირდა. სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, თხილისა და სხვა კაკლის ექსპორტმა საქართველოს მთლიან ექსპორტში იანვარ-მარტში 3,5% დაიკავა, გასული წლის 7,5%-ის ნაცვლად.
ამავე პერიოდში თხილისა და კაკლის ექსპორტმა 17 მილიონი დოლარი შეადგინა, წინა წელს კი ეს ციფრი 32 მილიონ დოლარს შეადგენდა.