ბოლო რამდენიმე თვეა, თხილის ფასი საგრძნობლად შემცირდა. ამ დროისთვის ერთი კგ ძველი თხილის ფასი 3.50 თეთრის, ხოლო ახლის 1.80 თეთრის ფარგლებში მერყეობს, რაც შეიძლება ითქვას, რომ ბოლო წლების განმავლობაში რეკორდულად დაბალი მაჩვენებელია. სწორედ ამიტომ ფერმერების ნაწილი ხელისუფლებას ფასების მანიპულირებაში ადანაშაულებენ. თხილის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლები კი აქცენტს ქართული თხილის დაბალი ხარისხსა და კონკურენტ ქვეყნებში არსებულ მოსავალზე ამახვილებენ.
კომპანია „nutex“-ის და“nutsge“-ს ხელმძღვანელი ამბობს, რომ არასწორი მოლოდინები ქართველ მწარმოებლებს 2 წლის წინ თურქეთში არსებულმა ცუდმა მოსავალმა გაუჩინა, რამაც მსოფლიო ბაზარზე თხილის დეფიციტი შექმნა.მამუკა ბერიაშვილი ადგილობრივ მწარმოებლებს მოუწოდებს მოსავალი შესაბამისი სტანდარტების დაცვით გამოაშროს, რაც სამომავლოდ ევროკავშირის ბაზარზე შესვლის დროს მათ უსიამოვნო სიურპრიზების თავიდან არიდების საშუალებას მისცემს.
"ქართულ თხილში აფლატოქსინის მაღალი დონის გახშირებულმა ფაქტებმა ევრომარეგულირებელი ორგანოები იძულებული გახადა რომ ქართულ თხილზე გარკვეული შეზღუდვები და კონტროლის ნორმები დაეწესებინათ. 1 ივლისიდან ეს კონტროლი საქართველოდან იმპორტირებული თხილის 20%-ზე ხორციელდება. აქედან გამომდინარე აუცილებელია ქართველმა ფერმერებმა ხარისხს დიდი ყურადღება მიაქციონ“ - განაცხადა ბერიაშვილმა "საქმიან დილასთან" საუბრისას.
თხლის ბაზარზე მონოპოლიის არსებობას ფაქტობრივად სრულად გამორიცხავს თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ალექსანდრე მოწერელია. რაც შეეხება მიმდინარე სეზონზე საქრთული თხილის ფასს, მოწერელია აცხადებს, რომ საბოლოო ფასი დაახლოებით 10 დღის ვადაში მას მერე დადგინდება, რაც თურქეთი მსოფლიო ბაზარზე თხილის მიწოდებასთან დაკავშირებით წლევანდელ კონტრაქტებს გააფორმებს.
"ქართული თხილის ფასი თურქული თხილის ფასზე დაახლოებით 0.70 -დან 1 დოლარამდე ნაკლებია. შესაბამისად ჩვენ უნდა დაველოდოთ მიმდინარე სეზონზე მსოფლიო ბაზარზე თურქეთის მიერ დადგენილ ფასებს, რომელიც სავარაუდოდ 10 დღის ვადაში გახდება ცნობილი", - აცხადებს მოწერელია.