საქართველოს N1 საექსპორტო ქვეყანა რუსეთია. "საქსტატის" 2017 წლის იანვარ-მაისის მონაცემებით, რუსეთმა წელს მესამე ადგილიდან პირველ ადგილზე გადმოინაცვლა.
იანვარ-მაისში რუსეთში ექსპორტირებული საქონელი თითქმის 2,5-ჯერ გაიზარდა. საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფებიდან პირველ ადგის ფეროშენადნობები იკავებს.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსთვის გახსნილია ევროკავშირის ბაზარი და ახლახანს თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი ამოქმედდა ჩინეთთან, ქართველი მწარმოებლებისთვის ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი რუსეთია.
ფეროშენადნობი პროდუქციის მწარმოებელთა და მანგანუმის მომპოვებელთა ასოციაცია რუსეთის ბაზართან დაკავშირებით არსებულ რისკებს იზიარებს, თუმცა როგორც ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე "საქმის კურსთან" აცხადებს, ბარიერების დაწესების შემთხვევაშიც საქართველოს ფეროშენადნობების ექსპორტის თვალსაზრისით პრობლემა არ შეექმნება.
"2016 წლიდან დაიწყო რუსეთის ბაზრის გააქტიურება, რასაც ხელი შეუწყო ჩვენი კონკურენტ უკრაინულ ფეროშენადნობებზე გარკვეული საგადასახადო პოლიტიკის შეცვლამ რუსეთში და ახალი დაბეგვრის ქვეშ უკრაინული ფეროშენადნობების მოქცევამ, რამაც გაზარდა მოთხოვნა ქართულ ფეროშენადნობებზე. ასეთი რამ ნებისმიერ დროს შეიძლება მოხდეს. რუსეთის გარეშეც ჩვენთვის სხვა ბაზრებიც მნიშვნელოვანია. მაგალითად, აშშ და თურქეთი. ბოლო დროს გააქტიურებულია ირანის ბაზარი", - აცხადებს თემურ მიმინოშვილი.
მისი თქმით, წლის განმავლობაში საქართველო 220 000 ტონა ფეროშენადნობს აწარმოებს სილიკო მანგანუმის სახით, რომლის 98%-ზე მეტი ექსპორტზე გადის.
"წელს იქნება ექსპორტის ზრდა. კომპანიებს აქვთ გრძელვადიანი კონტრაქტები, შესაბამისად ვფიქრობთ, წელს ექსპორტი გაიზრდება", - აცხადებს თემურ მიმინოშვილი.