ახალციხეში წარმოებული კარტოფილი ფრი ბაზარზე შემოდგომიდან გამოჩნდება. კომპანია "ფრეკო" საწარმოს შექმნაში პირველ ეტაპზე 150 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს. როგორც კომპანიის დამფუძნებელმა "ბიზნესკონტაქტს" განუცხადა, საწარმოს მშენებლობა აგვისტოს შუა რიცხვებში დასრულდება. მისი თქმით, ადგილზე უკვე დათესილია კარტოფილი ფრის ჯიშები. ირაკლი ქურდაძე ამბობს, რომ კარტოფილი ფრის გარდა, ადგილზე საჩიფსე კარტოფილის ჯიშების გამოცდაც მიმდინარეობს.
გაყინული სახით კარტოფილი ფრის 90%-ის რეალიზებას კომპანია რესტორნებში, ბარებსა და სასტუმროებში გეგმავს, დანარჩენი 10%-ის კი ქსელურ სავაჭრო ობიექტებში.
ირაკლი ქურდაძე ამბობს, რომ აქამდე კარტოფილი ფრის წარმოებას საქართველოში სამი კომპანია ახდენდა, თუმცა მისი თქმით, სამივე მათგანი დაიხურა, რადგან წარმოებაში ფრის ჯიშს არ იყენებდნენ. ქურდაძე ამბობს, რომ საწარმო 6 თვეში 150 000 ტონა მოსავალს მიიღებს, მისივე თქმით, ბაზარზე მოთხოვნა მზარდია და მსოფლიოში კარტოფილის მოსავლის 60%-ზე მეტი გაყინული სახით იყიდება.
სავაჭრო ობიექტებში პროდუქცია კილოგრამიან და 2,5 კილოგრამიან პაკეტებში გაიყიდება.
"საწარმო მთიან ზონაში მდებარეობს და სამომავლოდ გვსურს მთის კანონით გათვალისწინებული შეღავათებით ვისარგებლოთ.
ექვსი თვის განმავლობაში საწარმოში ფრის წარმოება მოხდება, დანარჩენი 6 თვის განმავლობაში კი ხილისა და ბოსტნეულის, მათ შორის სალათის ფურცლების, კენკრის, ჟოლოს, სტაფილოსი. პროდუქცია ასევე გაყინული, სალათის სახით გაიყიდება. მსგავსი ტექნოლოგიით პროდუქცია 12-დან 24 თვემდე ინარჩუნებს თვისებებს, ისეთივეს როგორც ახალმოსულს აქვს.
პირველი სამი წელი აქ გვსურს, რომ საწარმოო ჯაჭვი ავაწყოთ, ნედლეულიდან საბოლოო მომხმარებლამდე და ჩავანაცვლოთ იმპორტირებული პროდუქცია. შემდეგ უკვე საერთაშორისო სტანდარტის დაკმაყოფილებას და ექსპორტზე პროდუქციის გატანაზეც ვიფიქრებთ", - ამბობს ირაკლი ქურდაძე.
კომპანიას სიმბოლურ ფასად, 1 ლარად ახალციხის რაიონის სოფელ მუსხში 1386კვ.მ. მიწის ნაკვეთი და შენობა–ნაგებობა სახელმწიფო პროექტის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში გადაეცა.