Home
Category
TV Live Menu

ქართულმა მხარემ MIT-ის წარმომადგენლობასთან სტარტაპების ლაბორატორიული პროგრამის საქართველოში ამოქმედების პერსპექტივები განიხილა

58e923445b1d1
BM.GE
08.04.17 21:48
894
საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე, დესპანი გიორგი ციკოლია და ეკონომიკურ საკითხებში პირველი მდივანი გივი ზედელაშვილი სამუშაო ვიზიტით ბოსტონს ეწვივნენ. ვიზიტის პირველ დღეს, საელჩოს გუნდმა შეხვედრა გამართა მასაჩუსეტსის შტატის გუბერნატორთან ჩარლზ ბეიკერთან და განიხილა აშშ-საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობები, სავაჭრო ინიციატივების წახალისებისა და აღნიშნული შტატში საქართველოდან სავაჭრო მისიის ვიზიტის შესაძლებლობები, ასევე ადგილობრივი უნივერსიტეტების ტექნოლოგიურ დარგებში განათლების გამოცდილების გაზიარება.

საელჩოს წარმომადგენლები ასევე შეხვდნენ ტაფტსის უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და დიპლომატიის ფლეტჩერის სკოლის დეკანს, 4-ვარსკვლავიან გადამდგარ ადმირალს ჯეიმს სტავრიდისს. საუბარი შეეხო სტრატეგიულ კომუნიკაციებს და დაგეგმარებას. ასევე განიხილეს საქართველოს წვლილი გლობალურ და რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

გაიმართა შეხვედრა MassChallenge-ის ოფისში, სადაც განხილულ იქნა საქართველოს მთავტობის ძალისხმევა ინოვაციური ტეწნოლოგიების წახალისებისა და ამერიკულ მაგალითზე არსებული პრაქტიკის გაუმჯობესების შესაძლებლობები.

პირველი სამუშაო დღის დასასრულს, დავით ბაქრაძე საქართველოსა და აშშ-ის შორის 25 წლის სტრატეგიული პარტნიორობის მიმოხილვით წარსდგა აშშ-ს ერთერთი უძველესი კლუბის - საერთაშორისო ურთიერთობებში ბოსტონის კომიტეტის წინაშე. აღნიშნული კლუბის წევრები წარმოადგენენ ამერიკის პრეზიდენტებს, ელჩებს, სამხედრო ლიდერებს, ცნობილ მეწარმეებსა და სამეცნიერო წრეების გამორჩეულ წარმომადგენლებს.

7 აპრილს, საელჩოს დელეგაცია ბოსტონის პორტს ესტუმრა, სადაც დავით ბაქრაძემ საქართველოს შესახებ პრეზენტაცია გააკეთა. ბოსტონის პორტი დასავლეთ ნახევარსფეროს ყველაზე ძველი პორტია და წარმოადგენს რეგიონის საკვანძო საზღვაო პუნქტს. საელჩოს წარმომადგენელთა პორტში ვიზიტი, საქართველოსთან სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, ძირითად საზღვაო ტერმინალთან/ბოსტონის გადამზიდავ კომპანიასთან კავშირების დამყარებას ითვალისწინებდა.

საელჩოს წარმომადგენლები ასევე შეხვდნენ ბოსტონში კემბრიჯის ინოვაციების ცენტრის (Boston CIC) მმართველ დირექტორს სტას გაიშანს და ცენტრის დირექტორს ბორის პერლოვსკის. Boston CIC ბოსტონის ტერიტორიაზე ყველაზე დიდი ინოვაციების ცენტრია, რომლის წევრთა რაოდენობა 300 კომპანიას აჭარბებს. შეხვედრაზე დავით ბაქრაძემ მიმოიხილა საქართველოში სტარტაპებთან და ზოგადად ინოვაციებთან დაკავშირებული გარემო, ხაზი გაუსვა საქართველოს დაინტერესებას ტექნოლოგიების სფეროში, მხარეებმა ასევე ისაუბრეს Boston CIC-ის საქმიანობის თაობაზე.

ბოსტონის ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართა მრგვალი მაგიდა მასაჩუსეტსის შტატის ადგილობრივი ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში არსებულ მიმზიდველ საინვესტიციო გარემოს, ეკონომიკურ მდგომარეობას და ქვეყანაში არსებულ ბიზნეს პოტენციალს. ბიზნეს წრეების წარმომადგნელების მხრიდან დაფიქსირდა დაინტერესება საქართველოსთან სამომავლო თანამშრომლობის თაობაზე.

საელჩოს წარმომადგნელებმა ასევე გამართეს შეხვედრა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (MIT) საერთაშორისო სამეცნიერო და ტექნოლოგიური ინიციატივის (MISTI) წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე განიხილეს MISTI-ს ფარგლებში საქართველოსთან თანამშრომლობისა და სტარტაპების ლაბორატორიული პროგრამის საქართველოში ამოქმედების პერსპექტივები.

ამავე დღეს შედგა დელეგაციის შეხვედრა ჰარვარდის უნივერსიტეტის, რუსეთისა და ევრაზიის კვლევების დევისის ცენტრის წარმომადგენელთან, სადაც მხარეებმა განიხილეს დევისის ცენტრსა და საქართველოს შორის უფრო მჭიდრო ურთიერთობების დამყარების პერსპექტივები, განსაკუთრებით კი დევისის ცენტრის შემოთავაზების ჭრილში, "საქართველოსა და კავკასიის პროგრამების" თაობაზე.

ვიზიტის დასასრულს, ალგონქუინის ისტორიულ კლუბში გაიმართა ქართული კლასიკური მუსიკის კონცერტი სახელწოდებით "Georgia on my mind". კონცერტზე სხვა კლასიკურ ნაწარმოებებს შორის გაჟღერდა გია ყანჩელის მუსიკა. კონცერტი დახურული მიღებით დასრულდა, სადაც სტუმრებს ქართული ღვინით გაუმასპინძლდნენ.
საქართველოს შესახებ ცნობადობის ამაღლების, ამერიკული კომპანიების საქართველოთი დაინტერესებისა და ჩვენს ქვეყნებს შორის პარტნიორობის მეტად წახალისების მიზნით საქართველოს საელჩო კვლავ გააგრძელებს აშშ-ის სხვადასხვა შტატებში სამუშაო ვიზიტებს.

Subscribe to our news

Get the main news of the day