Home
Category
TV Live Menu

ქართულმა ოცნებამ 1 მილიონი ლარის სარეკლამო დრო ტელევიზიებიდან მხოლოდ "იმედზე" იყიდა

57f2605d0060d
BM.GE
03.10.16 17:38
1045
აუდიტის სამსახურში წარდგენილი ფინანსური დეკლარაციების თანახმად, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების კამპანიის ოფიციალურად დაწყებიდან (8 ივნისი) 30 აგვისტოს ჩათვლით, პოლიტიკურმა პარტიებმა და დამოუკიდებელმა კანდიდატებმა სხვადასხვა სახის სარეკლამო მოსახურებისთვის 8 813 597 ლარი დახარჯეს.

მედიის განვითარების ფონდის 2016 წლის წინასაარჩევნო მედიაგარემოს ანგარიშის მიხედვით, 8 ივნისი-30 აგვისტოს მონაცემებით, სარეკლამო მომსახურებისთვის გაწეული ხარჯების ყველაზე დიდი წილი 53% (4 669 802 ლარი) გარე რეკლამაზე მოდის; თითქმის მეოთხედი - 24,6% (2 164 091 ლარი) - სატელევიზიო რეკლამაზე; 15,2% (1 336 232 ლარი) - ონლაინ მედიაზე; 4% (352 695 ლარი) - ბეჭდურ მედიაზე გადანაწილდა, სხვა ხარჯებზე - ბრენდირებული მასალის დამზადება და ბეჭდვა - 3,1% (285 446 ლარი), ხოლო ყველაზე მწირი - 0,1 % (5 331) ლარი რადიოზე.

"არჩვენებში მონაწილე სუბიექტებიდან ყველაზე მეტი თანხა 6 914 179 ლარი (78%) ქართულმა ოცნებამ დახარჯა; მასზე 13-ჯერ ნაკლები (523 700 ლარი) მეორე ადგილზე მყოფმა ნაციონალურმა მოძრაობამ, რომელსაც მოსდევს სახელმწიფო ხალხისთვის (489 719); პატრიოტთა ალიანსი (433 332); ახალი საქართველო (198 750), რომელიც პაატა ბურჭულაძის “სახელმწიფო ხალხისათვის” ერთიან საარჩევნო ბლოკში გირჩთან და ახალ მემარჯვენეებთან ერთად 18 აგვისტოდან გაერთიანდა; „ეროვნული ფორუმი“ (120 146). ის პარტიები და დამოუკიდებელი კანდიდატები, რომელთა დანახარჯებიც 50 ათას ლარს არ აღემატებოდა დიაგრამაზე კატეგორიაში “სხვა” არიან გაერთიანებული. ესენი არიან: გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა (36 234); თავისუფალი დემოკრატები (33 173); გირჩი (18 632); წარმატებული საქართველო (12 000); ირაკლი პეტრიაშვილი (9 532); რესპუბლიკური პარტია (6 834); ირაკლი შიხიაშვილი (5 610); ილია კოკაია (5 506); ცეზარ ჩოჩელი (2 650); ქართული იდეა (2 400); მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს (1 000) და ლეიბორისტული პარტია (200).

საარჩევნო სუბიექტებმა მედია საშუალებებიდან ყველაზე დიდი თანხა (2 164 091) სატელევიზიო რეკლამაზე მიმართეს. მმართველმა პოლიტიკურმა პარტიამ, ქართულმა ოცნებამ ყველაზე დიდი სარეკლამო დრო - 1 000 000 ლარის ღირებულების (46%) ტელეკომპანია იმედში შეისყიდა, სხვა არხებზე კი ფასიანი რეკლამა საერთოდ არ განუთავსებია. შემდეგი პარტია, რომელმაც ყველაზე მეტი სარეკლამო მომსახურება გასწია არის „სახელმწიფო ხალხისთვის“, რომელმაც პოლიტიკური რეკლამა რუსთავი 2ზე (283 965), იმედზე (134 907) და მაესტროზე (33 160) განათავსა. ნაციონალურმა მოძრაობამ რეკლამა მხოლოდ რუსთავი 2-სა (215 000) და რეგიონულ ტელევიზიებში (3 707) განათავსა. პატრიოტთა ალიანსმა ყველაზე დიდი თანხა (120 000) ობიექტივზე , ასევე შედარებით მცირე რუსთავი 2-ზე (32 724), ტვ პირველის ეთერში (30 011) და რეგიონულ მარნეულის ტელევიზიაში (4000) განათავსა. ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრის გიორგი ვაშაძის პარტიამ “ახალი საქართველო” ყველაზე მეტი თანხა რუსთავი 2-ზე (170 446), შედარებით მცირე კი ტვ პირველზე (14 104) განათავსა. ეროვნულმა ფორუმმა ყველაზე მეტი სარეკლამო დრო რეგიონულ ტელევიზიებში (99 781) შეისყიდა, შედარებით მცირე კი კავკასიის (9 980), ტვ პირველისა (5 000) და იბერიას (5 000) ეთერში.

ამასთან, 8 ივნისი-30 აგვისტოს პერიოდში საარჩევნო კამპანიაზე გაწეული საერთო 8 813 597 ლარიდან 78% ქართულმა ოცნებამ დახარჯა. ყველაზე მეტი თანხა გარე რეკლამაზე დაიხარჯა. ტელევიზიებიდან ყველაზე მეტი ფასიანი პოლიტიკური რეკლამები „იმედმა“ (1 134 907) მიიღო, საიდანაც 1 მილიონი ღირებულების მომსახურება ქართულმა ოცნებამ შეისყიდა.

თუ ტელევიზიებიდან ქართულმა ოცნებამ მხოლოდ იმედზე განათავსა რეკლამა, ონლაინ გამოცემებსა და გაზეთში უფრო დივერსიფიცირებული მიდგომა გამოიკვეთა. ყველაზე მეტი სარეკლამო და საინფორმაციო მომსახურება ქართულმა ოცნებამ პალიტრა ჰოლდინგში შემავალ ონალიან (221 479) და ბეჭდვითი (73 955) გამოცემებისგან შეისყიდა", - ნათქვამია ანგარიშში. 

Subscribe to our news

Get the main news of the day