ალკოჰოლის, თამბაქოსა და სხვა ნარკოტიკული ნივთიერებების შემსწავლელმა ევროპის სასწავლო ცენტრმა კვლევა ჩაატარა და შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, საქართველოში მე-10 კლასელი მოსწავლეების 40% ალკოჰოლური სასმელებიდან ყველაზე ხშირად ღვინოს მოიხმარს. შემდეგ მოდის ლუდი 36%-ით, სპირტიანი სასმელები 30%-ით და ალკოპოპი - 14%-ით. რა ტენდენციები იკვეთება და რამდენად გართულებულია საქართველოში მავნე ნივთიერებების მოხმარების კუთხით მდგომარეობა ევროპულ სტანდარტებთან შედარებით, - თემაზე "საქმიან დილასთან" დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი ლელა სტურუა საუბრობს.
-ქალბატონო ლელა, აღნიშნული კვლევის რამესთან შედარება თუ შეიძლება, ეს პირველი შემთხვევაა თუ შეგვიძლია რაიმე სახის სტატისტიკაზე და ცვლილებაზე ვისაუბროთ და კვლევის რა მეთოდიკა იყო გამოყენებული და სხვა ქვეყნებთან შედარებით საქართველოში რამდენად საგანგაშოა სიტუაცია?
-კვლევის მიხედვით, ევროპის ქვეყნებთან შედარებით, ზოგიერთი მაჩვენებელი მეტი გვაქვს, ზოგი - ნაკლები. ძირითადად უმეტესი მაჩვენებლით ევროპის საშუალო მაჩვენებლთან ახლოს ვართ, თუმცა ევროპის საშუალო მაჩვენებელიც არ არის კარგი მაჩვენებელი და ესეც გარკვეულწილად საგანგაშოა. აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ თბილისის მაჩვენებლები ყოველთვის უფრო მაღალია, ვიდრე ზოგადად საქართველოს მაჩვენებლები. გარდა ამისა, კვლევის ძირითადი დადებითი ფაქტორი ის არის, რომ ყველა ქვეყანა ერთი და იმავე მეთოდოლოგიას იყენებს, ვინც არის “ესპადის“ ჯგუფის ქვეყანა, ამიტომ მონაცემები ერთმანეთთან შედარებითია და ჩვენ ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარების გაკეთება შეგვიძლია.
-საქართველოში ტენდენციის გამოკვეთა თუ არის შესაძლებელი?
-სამწუხაროდ, საქართველოში ეს ბაზისური კვლევა იქნება და საქართველოს მასშტაბით თუ ვისაუბრებთ ეს 16 წლის მოზარდებში ჩატრებული კვლევაა. თუ ჩვენ მოზარდები გვაინტერესებს 4 წელიწადში ერთხელ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან ერთად ვატარებთ მხოლოდ 13-15 წლის მოზარდებში ასევე საქართველოს მასშტაბით კვლევას, მაგრამ ის ძირითადად თამბაქოს მოხმარების მაჩვენებლის დინამიკას ეხება.
-კვლევის მიხედვით გამოკვეთილ დღევანდელ ვითარებას, შეიძლება საგანგაშო დავარქვათ?
-გარკვეულწილად შესაძლებელია საგანგაშოც დავარქვათ, იმიტომ რომ გარკვეული მაჩვენებლები განსაკუთრებით მაღალი გვაქვს, როგორიც არის მაგალითად, თამბაქოს მოხმარება ბიჭებში. ამ მხრივ, განსაკუთრებით საგანგაშო ვითარება გვაქვს.
-კვლევას რეკომენდაციები თუ მოყვა, როგორ შეიძლება ამ ცუდი სტატისტიკის გამოსწორება?
-რა თქმა უნდა, მოყვა. აღნიშნულ კვლევაში განათლების სამინისტროც ჩართული იყო. გარკვეულწილად სპორტისა და ახლგაზრდობის საქმეთა სამინისტროს საქმეც არის და მათი დასწრება ამ კვლევის პრეზენტაციაზე და მათი დაპირებები ცხადყოფს, რომ ისინი დაინტერესებული არიან და მარტო ჯანდაცვის სამინისტრო და დავაადებათა კონტროლის ცენტრი, რა თქმა უნდა, ამ სტატისტიკას ვერ შეცვლის. საჭიროა ძალიან ბევრი პრევენციული პროგრამა, როგორც ჯანდაცვის კუთხით, მაგალითად, როგორიც არისჯანმრთელობის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა , რომელიც დღესაც ხორციელდება და თამბაქო და ალკოჰოლი გარკვეული პრიორიტეტია. კონკრეტული მოზარდებში მიმართული გეგმაა საჭირო.
- ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით სახელმძღვანელო წესები არსებობს?
- ზოგადად ფაქტიურად ნარკოტიკებთან დაკავშირებით აღრიცხვა არ ხდება. ეს შეფასებითი ხასიათისაა და ზუსტად ვერ დავეყრდნობით. გაიდლაინებს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრ ქვეყანაში პრევენციული ღონისძიებები და პროგრამები არსებობს, რომლებიც ძალიან კარგად მუშაობს და ამ ქვეყნებმა აღნიშნულ მაჩვენებლებთან დაკავშირებით სერიოზულ კლებას მიაღწიეს. ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ცენტრის სახელით ვიტყვი, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან ერთად მასწავლებლის გაიდლაინზე მიმდინარეობს მუშაობა, რომელიც ითვალისწინებს მასწავლებლებმა თამბაქოსთან დაკავშირებით როგორ უნდა მიაწოდონ ბავშვებს ინფორმაცია, რა დოზით და ა.შ.
აღნიშნული გაიდლაინი წლის ბოლომდე მზად იქნება და ჩვენს მიერ მასწავლებლების ეტაპობრივად ტრენირება მოხდება და შემდეგ უკვე განათლების სამინისტროს გადავცემთ და ისინი გააგრძელებენ მუშაობას. პირველადი ჯანდაცვის ექიმების ტრენინგს რაც შეეხება, თამბაქოსთან დაკავშირებით პირველად კონსულტირებასა და სტიმულის ამაღლებაში ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ტექნიკური დახმარებით სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობდა. მიუხედავად თამბაქოს ინდიუსტრიისა და მასთან ასოცირებული ორგანიზაციების მითების მოყვანისა, რომ საქართველოში განსხვავებული სიტუაციაა, ეს ასე არ არის. თამბაქოს მაგალითზე კვლევებით დადასტურებულია და ქართული მტკიცებულებები უკვე არსებობს, რომ ჩვენი მოსახლეობის 80%-90%-ის სურვილია, რომ თამბაქოსგან აბსოლუტურად თავისუფალი იყოს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები. რა კანონიც ჩვენ ამჟამად გვაქვს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების 100%-იან თავისუფლებას არ გულისხმობს. ამას ისიც ემატება, რომ ადმინისტრირება ფაქტიურად არ ხდება. ჩემი პირადი აზრია ის, რომ როდესაც ეს კანონცვლილება მიიღეს, მაშინვე ძალიან კარგად იცოდნენ, რომ ვერ აღასრულებდნენ და სპეციალურად ასეთი მოდელი იქნა შემუშავებული.
-კანონის მიხედვით, 18 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის ალკოჰოლის მიყიდვა არ შეიძლება, მაგრამ კვლევა აბსოლუტურად განსხვავებულ მონაცემს აჩვენებს, რომ მოზარდებს წვდომა აქვთ...
-ალკოჰოლთან დაკავშირებით სიტუაცია ძალიან განსხვავებულია. იგივეა ზუსტად თამბაქოს სემთხვევაში და თამბაქოს ნამდვილად ყიდულობენ. რაც შეეხება ალკოჰოლს და საქართველოს, როდესაც ჩვენ პოპულარიზაციას ვაკეთებთ და ალკოჰოლის შემქმნელი ქვეყანა ვართ და მე პირადად ვამაყობ ამით, ხელმისაწვდომობა ალკოჰოლის გასაკვირი არ არის, რადგან თითქმის ყველა ქართულ ოჯახში ალკოჰოლი სახლში არსებობს. თუ ჩვენ თამბაქოს აბსოლუტურად არას ვეუბნებით, ალკოჰოლი ნორმალური დოზით სასარგებლოც არის და ალკოჰოლს აბსოლუტურად არას არ ვეუბნებით. ოჯახიც ძალიან დამნაშავეა, ბავშვს მაგალითი არ უნდა მივცეთ და პატარა ბავშვს არ უნდა მივაჩვიოთ ის, რომ სადღეგრძელოები ვასწავლოთ და ალკოჰოლი დავაგემოვნებინოთ. დარწმუნებული ვარ, ასეთი ვითარება ბევრ ოჯახშია.
-ინტერნეტს და აზარტულ თამაშებს რაც შეეხება, აქ რა მდგომარეობა გვაქვს და რა ღონისძიებები უნდა გატარდეს?
-ზოგადად ინტერნეტში ფუნქციონირების დრო 3.8 დღე გამოვიდა ქართველ მოზარდებში ერთი კვირის განმავლობაში, რაც ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია, თუმცა აზარტულ თამაშებთან დაკავშირებული მაჩვენებელი ძალიან მაღალი გვაქვს, როგორც ინტერნეტით, ასევე ინტერნეტის გარეშე. თუ ევროპის საშუალო მაჩვენებელი ამ კუთხით 2%-ია, ჩვენ 4% გვაქვს.