Home
Category
TV Live Menu

ქართველი ჰარვარდელის ბიზნესი ბოსტონში - Palatine Analytics თანამშრომლების სუსტი და ძლიერი მხარეების გამოვლენის შესაძლებლობას გაძლევთ

592186367eea6
BM.GE
21.05.17 21:00
1040
ბოსტონში მცხოვრებმა ქართველმა, 23 წლის არჩილ ჭეიშვილმა მეგობრებთან ერთად, ტექნოლოგიური კომპანია Palatine Analytics დააფუძნა. არჩილ ჭეიშვილმა საქართველოს შემდეგ სწავლა ჰარვარდის უნივერსიტეტში ეკონომიკის მიმართულებით განაგრძო, სადაც დაახლოებით 300 000 აშშ- დოლარიანი სტიპენდია მოიპოვა, - თემის დეტალებით "საქმიან დილასთან" ტექნოლოგიური კომპანია Palatine Analytics-ის დირექტორმა და თანადამფუძნებელმა არჩილ ჭეიშვილმა ისაუბრა.

-რას წარმოადგენს თქვენს მიერ დაარსებული კომპანია Palatine Analytics-ი?

-მე და ჩემმა კურსელებმა, რომლებთან ერთადაც დავიწყე Palatine-ზე მუშობა, იმ კომპანიებში, სადაც ჩვენ ვმუშაობდით იქ ერთი მთავარი პრობლემა ის იყო, რომ ადამიანებმა არ იცოდნენ რას აკეთებდნენ კარგად და რას - ცუდად. შეიძლება ითქვას, რომ შეფასებების ნაკლებობა იყო. სწორედ ეს იყო და არის ფუნდამენტური პრობლემა, რადგან თუ ადამიანმა არ იცის რას აკეთებს კარგად და რას ცუდად, მან არ იცის როგორ გაუმჯობესდეს და უკეთესი როგორ გახდეს. აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად შევიკრიბეთ მე და ჩემი კურსელები, რომლებიც Google-ში, Facebook-ში და Microsoft-ში მუშაობდნენ და კომპიუტერულ მეცნიერებას სწავლობდნენ. ავაწყეთ პლატფორმა, რომელიც თანამშრომლების შეფასებისთვის გამოიყენება. ეს არის Data-ს წყარო თანამშრომლებს შორის შეფასებების, რის შემდეგაც ჩვენ ხელოვნურ ინტელექტს ვიყენებთ, რომ თანამშრომლებსა და მენეჯერებს ინფორმაცია მივაწოდოთ თუ რა სუსტი და ძლიერი მხარეები აქვთ თანამშრომლებს.

-შემფასებლები თავად თანამშრომელები ხდებიან თუ რაღაც ზედა ზღვარს იღებთ, რომელსაც რომელიმე თანამშრომელმა უნდა მიაღწიოს, შეფასების პრინციპი როგორ დგება?

- მთავარი მიზანი ჩვენი პლატფორმის ის არ არის, რომ ერთი თანამშრომელი მეორეს შევადაროთ, არამედ გავიგოთ თითოეული მათგანი როგორია, რა დაეხმარება მას, რომ მისი პროდუქტიულობა გაიზარდოს, მაგრამ თუ იმას განვიხილავთ შედარების გაკეთება როგორ შეიძლება, ჩვენ სტატისტიკური მონაცემების საშუალებით, გრაფებში გამოხატულ ინფორმაციას ვაძლევთ კომპანიას და თვითონ თანამშრომლებსაც, თუ როგორ შეედრებიან სხვა თანამშრომლებს.

-როგორ დაგხვდათ ბაზარი, როგორ შეხვდა თქვენს ინიციატივას?

-ბაზარი საკმაოდ კონკურენტულია, განსაკუთრებით ამერიკის შეერთებულ შტატებში და ერთ-ერთი, რასაც ჩვენ ვაკეთებთ უკეთესად, ვიდრე ჩვენი კონკურენტები, არის ის, რომ ჩვენი პლატფორმა ბევრად უფრო მეტ შეფასებას აგროვებს თანამშრომლების შესახებ, ვიდრე ნებისმიერი სხვა პლატფორმა და ამას ჩვენ სხვადასხვა სტიმულების სისტემით ვაღწევთ, რომელსაც მე და ჩემმა გუნდმა იმპლემენტირება გავუკეთეთ. აღნიშნულ თემაზე ამერიკაში საკმაოდ დიდი მოთხოვნაა, გვყავს დიდი კომპანიები. სხვათა შორის, საქართველოში როდესაც ვიყავი ჩამოსული იქაც დაინტერესდა რამდენიმე კომპანია, რომლებსაც დავეხმარეთ და იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად განვითარდება.

- საქართველო არ არის უმაღლესი დონის განათლებით განებივრებული, მოკლედ გვიამბეთ ჰარვარდის პერიოდის შესახებ...

-ჰარვარდზე ფიქრი დაახლოებით 11-12 წლიდან დავიწყე. ეს ის პერიოდია, როდესაც საქართველოში ჩემს გარშემო ბევრი დიდი პრობლემა იყო და მინდოდა, რომ ეს ყველაფერი უკეთესობისკენ შემეცვალა. ძალიან მინდოდა, ეს რეალობაში გამომესახა და მხოლოდ ოცნება არ ყოფილიყო. ამ სურვილმა მომცა მოტივაცია მესწავლა და შემდეგ ღმერთის, ოჯახის, მასწავლებლების და მეგობრების დახმარებით ჰარვარდის ბაკალავრზე ჩავაბარე. როდესაც უნივერსიტეტში პირველად შევედი პირველ დღეს კარიბჭეზე ეწერა, რომ ’’შედი, რადგან სიბრძნეში გაიზარდო“. ამან საკმაოდ დიდი მოტივაცია მომცა, რომ რაც შეიძლება მეტი მიმეღო უნივერსიტეტისგან. შემდეგ ძალიან საინტერესო სწავლის პროცესი დაიწყო. უპირველესად მეგობრებისგან ვსწავლობდი ყველაზე მეტს, ჯამში, რომ აღვნიშნო ფანტასტიური ოთხი წელი იყო.

-როგორც ჩვენთვის ცნობილია, თქვენთვის არც ბირჟაზე ვაჭრობა არის უცხო. ეს Palatine-ის პარალელურად ხდება, მანამდე ხდებოდა თუ როგორ ახერხებთ ამ კუთხით ჩართულობას?

-ბირჟაზე ვაჭრობა დაახლოებით 14 წლის ასაკში დავიწყე. დამაინტერესა იმ ფაქტმა, რომ ბირჟაზე კარგი მოგებები რომ ნახო ამისთვის რა არის საჭირო, რადგან საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად დამოუკიდებელი აზროვნებაა საჭირო. ეს იყო 2007 წელი, ის პერიოდი, როდესაც ეკონომიკური ბუმი, საკმაოდ დიდი მოგება იყო, თუმცა შემდგომ 2008 წელი მოვიდა და ეს მოგებები ყველაფერი წარსულში დარჩა. ამ პერიოდმაც ბევრი მასწავლა, რომ ადამიანი არასდროს არ უნდა იყო თვითდაჯერებული და ყოველთვის უნდა გატესტო საკუთარი მოსაზრებები ჭკვიან ადამიანებთან და მნიშვნელოვანია, რომ დამოუკიდებლად აზროვნებდე. ამის შემდეგ უკვე ჰარვარდში ჩავერთე სტუდენტურ ორგანიზაციებში, რომლებსაც თავიანთ თანხები აქვთ და ამის ინვესტირებას ჩვენ სტუდენტები ვახორციელებდით. ამ მიმართულებით საკმაოდ სერიოზულ და საინტერესო კომპანიაში ვმუშაობდი, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ’’ჰეჯ-ფონდია“, სადაც ძალიან საინტერესო კულტურაა და ძალიან ჭკვიანი ხალხი მუშაობს. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ძალიან მომეწონა. ჩემი პორტფოლიო დაახლოებით 9 წელია მაქვს და Palatine-თან ერთად, რა თქმა უნდა, დიდი ინტერესით და სიამოვნებით ვერთვები ხოლმე და მეტს ვძენ. ამ ეტაპზე ტექნოლოგიურ კომპანიაზე ვარ გადართული.

-საქართველოსთან თუ გაქვთ რამე საქმიანი კავშირი და ამ მიმართულებით როგორია თქვენი გეგმები?

-მინდა აღვნიშნო, რომ პირველი ბიზნესი საქართველოში დავიწყე, როდესაც 17 წლის ვიყავი. ეს იყო საკმაოდ საინტერესო ნაზავი ამობეჭდვის სერვისისა და რეკლამირების. ამობეჭდვის სერვისი უფასოდ გვქონდა და საკმაოდ დიდი რაოდენობის ადამიანი მოდიოდა ჩვენთან. ეს ჩემი პირველი ბიზნესი იყო, რომელიც ძალიან შორს არ წავიდა, თუმცა, საკმაოდ დიდი გამოცდილება მომცა. ეს პირველი ნაბიჯებია, შემდეგ ორი კომპანია მქონდა, ერთ-ერთ არის ქართული რესტორანი და საკმაოდ მომეწონა ტრადიციული ბიზნესის კეთება. ჯამში დაახლოებით 50 ადამიანი მყავდა დასაქმებული. დღეს ფუნქციონირებს საგანმანათლებლო კომპანია, რომელიც მე შევქმენი. რესტორანს რაც შეეხება, ის გავყიდეთ. რაც მთავარია, ამჟამად Palatine-ზე საკმაოდ დიდი ინტერესია და ტექნოლოგიები, რომელსაც ჩვენ ვავითარებთ საუკეთესო ადამიანებთან აშშ-ში, კარგი იქნება, რომ ამ ტექნოლოგიების განვითარება საქართველოშიც მოხდეს, რომ კომპანიებმა თავიანთი პროდუქტიულობა უფრო გაზარდონ. მიხარია, რომ ამის საშუალება მომეცა, როდესაც საქართველოში ჩამოსული ვიყავი.


Subscribe to our news

Get the main news of the day