ქართველი ჰიპერრეალისტი მხატვარი, რომლის ნამუშევრებიც მსოფლიოს არაერთ ცნობილგალერეაში გამოიფინა, 33 წლის თიკო სანიკიძეა. გამორჩეულად უყვარს პორტრეტების , განსაკუთრებით ბავშვების ხატვა - „ბავშვები, ხომ ემოციებს გულწრფელად გამოხატავენ“. businesscontract.ge თავადთიკო სანიკიძეს ესაუბრა.
- როდის დაიწყეთ ხატვა ?
რაც თავი მახსოვს სულ ვხატავ. 6 წლის ასაკში მშობლებმა მიმიყვანეს ვირსალაძის სახელობის ხელოვნების გიმნაზიაში, სადაც შესანიშნავი პედაგოგის უშანგი ლონდარიძის ჯგუფში ჩამრიცხეს. ეს გახლდათ პედაგოგი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით და ჩემთვის დღესაც სამაგალითო პიროვნება. ვხატავდი სხვადასხვა კომპოზიციებს, დღესაც ვინახავ გუაშით შესრულებულ პირველ ნახატებს, აკვარიუმს ფერადი თევზებით, სააღდგომო ნახატების სერიას და ჩემი სახლის ფანჯრიდან დანახულ პეიზაჟს.
- რატომ დაინტერესდით ჰიპერრეალიზმით?
ბოლო წლებია ჰიპერრეალიზმით განსაკუთრებით დავინტერესდი. ჰიპერრეალიზმი (Hyperrealism)- სახვითი ხელოვნების მიმდინარეობაა, რომელიც გაჩნდა აშშ-ში 60-იანი წლების ბოლოს.მ იმდინარეობა დაფუძნებულია რეალობის კოპირებაზე. ჩემი ნახატების უმრავლესობაც ამ ჟანრშია შექმნილი. ჰიპერრეალიზმი აქცენტებს აკეთებს დეტალებზე. ყველა თუნდაც უმნიშვნელო დეტალი სკრუპულოზურად ზუსტად უნდა იყოს გამოსახული. მნახველთა შეფასებით, ძნელი დასაჯერებელია ის ფაქტი, რომ ეს ადამიანის მიერშექმნილი ნახატია და არა ფოტოაპარატით დაფიქსირებული კადრი, თუმცა ნამდვილი ხელოვანი ახერხებს შექმნას რეალობის ილუზია, გადმოსცეს ის რაც სცილდება ფოტოს, გვაჩვენოს თავისი თვალით დანახული სამყარო. ეს პროცესი კი ასობით საათი გრძელდება, შეიძლება ერთი ნახატის შექმნას თვეზე მეტიც დასჭირდეს, თუმცა შედეგი გაწეულ შრომასამართლებს.
ჩემი ნახატების ფასი დაახლოებით ისინი 3 ათასი დოლარიდან 10 ათას დოლარამდე მერყეობს.
- ნიუ-იორკში როგორ მოხვდით?
ნიუ-იორკის გამოფენები დაიგეგმა ჩემს მიერ, ერთი წლით ადრე რომში ჩატარებული პერსონალური გამოფენის შემდეგ. სადაც მაღალი შეფასება მივიღე ცნობილი ხელოვნებათმცოდნისაგან, მანვე მირჩია გამოფენა ჰიპერრეალიზმის სამშობლოში-ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩამეტარებინა. ამის მერე მივწერე რამოდენიმე ცნობილ გალერეას ნიუ-იორკში, თითქმის ყველასგან მივიღე მიწვევა. რა თქმა უნდა ავირჩიე ძალზედ პრესტიჟული Agora Gallery, სადაც ნოემბერში წარმოდგენილი იყო ჩემი შემოქმედება. Agora Gallery-ს შემდეგ 2016 წლის დეკემბრის დასაწყისში ნიუ-იორკში კიდევ ორი პერსონალური გამოფენა გავმართე.
საკმაოდ დიდი ხანია ვიღებ მონაწილეობას სხვადასხვა საერთაშორისო გამოფენებში: ეგვიპტეში, იტალიაში, თურქეთში. პირველი დიდი წარმატება ჩემთვის უდაოდ იყო 2010 წელს გაბალაში( აზერბაიჯანი) გამართული მე-3 საერთაშორისო გამოფენასახელწოდებით „პორტრეტის მელოდია’’, სადაც 25 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა. ჩემმა ნამუშევარმა, სახელწოდებით „თითა“-მ, გაიმარჯვა ნომინაციაში '' ბედის საჩუქარი'' და ეს ნახატი გამოფენის სავიზიტო ბარათადაც იქცა.რა თქმა უნდა, 2016 წელს ნიუ-იორკში გამართული გამოფენებიც ძალზედ წარმატებული აღმოჩნდა ჩემთვის,სადაც 3 გამოფენა გავმართე, მათ შორის 2 პერსონალური.
- რა შედეგი მოგიტანათ ამ გამოფენებმა?
შედეგებს რაც შეეხება, ჩემი შემოქმედებით დაინტერესდნენ ცნობილი ამერიკული ჟურნალები და გამოცემები. ისეთმა ჟურნალებმა, როგორიცაა IT’S A WILD WORLD და "ART ARENA", გამოაქვეყნეს ჩემი ნახატები. უფრო ცნობილი გავხდი ფართო საზოგადოებისათვის. ბევრი მიწვევა მივიღე სხვადასხვა გალერეებიდან, მათ შორის აშშ-ს სხვადასხვა ქალაქებიდან და ლონდონიდან. გავიცანი ძალზედ ბევრი აქ მოღვაწე ცნობილი ხელოვანი. დაგეგმილი მაქვს მათთან თანამშრომლობა და ბევრი საინტერესო პროექტი. ამას გარდა ჩემი რამოდენიმე ნამუშევარი კოლექციონერებმა შეიძინეს, მივიღე კერძო შეკვეთაც.
- საქართველოში გეგმავთ გამოფენის გამართვას?
სამომავლოდ რამოდენიმე გამოფენა მაქვს დაგეგმილი, მათ შორის გაზაფხულზე კვლავ პერსონალური გამოფენა ამერიკის შეერთებულ შტატებში. მიწვეული ვარ ლონდონშიც. ვნახოთ, რა თანმიმვდევრობით გამოვა მათი მოწყობა. რაც შეეხება საქართველოს, გაზაფხულზე ვგეგმავ დაბრუნებას. ჩემი სურვილია , რომ სამშობლოშიც გავმართო პერსონალური გამოფენა და ამ საკითხს დიდი სიფრთხილით ვეკიდები, წარვსდგე ქართველი დამთვალიერებლის წინაშე -ეს დიდი პასუხისმგებლობაა. სიახლეებს რაც შეეხება, ნიუ-იორკში ყოფნისას კვლავ დავინტერესდი ფერწერით და გადავწყვიტე საქართველოში წარმოვადგინო როგორც გრაფიკული ნამუშევრები, ასევე ფერწერაც- ზეთში და აკვარელში შესრულებული.