ქართველი მეწარმეებისთვის აშშ-ის ბაზარზე გასვლის პერსპექტივებთან დაკავშირებით სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-ში სემინარი გაიმართა.
ღონისძიებას მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ხელშეწყობით ჩატარდა. აშშ-ის ბაზრის სპეციფიკაზე ინფორმაცია ქართული ექსპორტიორი კომპანიების წარმომადგენლებს ამერიკელმა დიპლომატმა და თეთრი სახლის გლობალური ჩართულობის მიმართულების ხელმძღვანელმა ბრეტ ბრუენმა მიაწოდა და ურჩია, რომ თავდაპირველად აქცენტი აშშ-ის პატარა შტატების ბაზრებზე გააკეთონ.
"დაიწყეთ მცირედით. პატარა ქალაქები მოძებნეთ, რომლებსაც ჯერ ცოტა ვინმე თუ იცნობს. ასეთი ბაზარი დასაწყისისთვის უფრო ხელსაყრელი და მოსახერხებელია, კონკურენციაც უფრო დაბალია. მცირე ზომის ბაზარზე უფრო მეტი ადამიანია ისეთი, ვინც თქვენი დახმარების სურვილს გამოთქვამს. თუ თქვენ თავიდანვე ნიუ-იორკს მიაშურებთ, დამიჯერეთ, რომ ისეთი ადამიანის პოვნა, რომელიც დახმარების ხელს გამოგიწვდით, გაგიჭირდებათ. განსხვავებული ვითარება დაგხვდებათ ისეთ შტატებში, როგორებიცაა ტეხასი, მინესოტა, აიოვა - აქ უფრო მეტი კეთილისმსურველი გამოგიჩნდებათ. დღეს მე ბევრი ისეთი პროდუქტის შესახებ მოვისმინე, რომელიც საინტერესო შეიძლება იყოს ამერიკის ბაზრისთვის - ღვინო, საკვები პროდუქტები, თხილი. საქართველოს ისტორია უდავოდ უნიკალურია და შეიძლება ითქვას, რომ ეგზოტიკურიც ამერიკელებისთვის. ამიტომ ვფიქრობ, რომ ქართული კომპანიების შესვლა ამერიკულ ბაზარზე წარმატებული იქნება“, - აღნიშნა ბრეტ ბრუენმა.
თავის მხრივ, მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა ანა კვარაცხელიამ იმ მარკეტინგულ ხარჯებზე გაამახვილა ყურადღება, რაც ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარზე პოზიციონირებისთვის არის საჭირო.
"ამერიკის ბაზრისთვის ქართული კომპანიები მზად არიან, თუმცა ეს დიდ ხარჯებს მოითხოვს, რადგან ეს ბაზარი მარკეტინგის კუთხით ერთ-ერთი ყველაზე ძვირიანია. თუმცა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ ამ ბაზრის სპეციფიკა და დავგეგმოთ სხვადასხვა ტიპის აქტივობები და ნელ-ნელა, მოვახდინოთ ამ ბაზარზე შესვლა“, - განაცხადა კვარაცხელიამ.
სწორედ ქართული პროდუქტების პოპულარიზაციაა ერთ-ერთი საკითხი, რაშიც მეწარმეები დახმარებას ითხოვენ.
"ჩვენთვის, ღვინის კომპანიებისთვის მეტად მნიშვნელოვანია ამერიკული ბაზარი. ეს უდიდესი ქვეყანაა. ამასთან, ეს არის საკმაოდ სტაბილური ბაზარი, მაგრამ იქ მოსახვედრად აუცილებელია სახელმწიფოს დახმარება, რაც იმაში გამოიხატება, რომ პირველ რიგში გვჭირდება ქვეყნის, საქართველოს რეკლამა - იცოდნენ, რა ქვეყანა ვართ, სად ვართ, რას წარმოვადგენთ, რომ ეს ერთ-ერთი უძველესი ქვეყანაა ღვინის წარმოების კუთხით“, - განაცხადა კომპანია „მადამ ვაინის“ დამფუძნებელმა მანანა ახვლედიანმა.
ქართველი ექსპორტიორებისთვის სემინარი ხვალ გაგრძელდება.