ორმა ქართველმა მოზარდმა სამაჯური შექმნა, რომელიც ხელის მოძრაობით ტელეფონს მუხტავს. ისინი მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის “ლეონარდო და ვინჩის’’ გამარჯვებულები არიან. კონკურსის მიზანია მოსწავლეებში სწავლის დონის ამაღლება, მოზარდებში ინოვაციებისა და ტექნიკური პროგრესის მიმართ ინტერესის გაღვივება და შემოქმედებითი აზროვნებისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების კუთხით მათთვის სტიმულის მიცემა. ინოვაციური გამონაგონის ავტორებმა “საქმიან დილასთან’’ დეტალურად ისაუბრეს თუ საიდან მოუვიდათ ასეთი სამაჯურის გამოგონების იდეა და როგორ შეძლეს პროექტის განხორციელება.
“ვფიქრობდით, რომ დედამიწაზე ძალიან ბევრი ენერია იხარჯებოდა და მოგვინდა ისეთი ხელსაწყო გამოგვეგონებინა, რომელიც უნებლიე ხელის მოძრაობით დატენიდა მაგალითად, ტელეფონს, “პლანშეტს“, ან რაიმე მსგავს მოწყობილობას. შემდეგ ინფორმაცია მოვიძიეთ და მუშაობას შევუდექით. ჩვენ ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე ვმუშაობდით და ჩვენი გამოგონება პორტანული გენერატორი “ფოლოუმი’’ შევქმენით, რომელიც მაგნიტური ველის ინდუქციას ეფუძნება. სახლის პირობებში მანამდეც გვქონია რაღაცეები გაკეთებული, კონკურსში პირველად მივიღეთ მონაწილეობა. ეს პროექტი ნებისმიერმა ადამიანმა შეიძლება მოიხმაროს. განსკუთრებით მათ, ვისაც მთელი დღე გარეთ უწევთ სიარული. ვმუშაობთ იმაზე, რომ დამუხტვის დრო შევამციროთ და შვიდ საათამდე დავიყვანოთ. ამ ეტაპზე ჩვენი პროდუქტი ლაბორატორიაშია,’’-ამბობს ამირან აფციაური.
როგორც მოსწავლე-გამომგონებლები აღნიშნავენ, პროექტზე მუშაობა დღემდე გრძელდება და საბოლოო ვერსია გაზაფხულზე მზად იქნება. ასევე მათ თავიანთ სამომავალო გეგმებზე ისაუბრეს.
“სანამ პროექტზე მუშაობას დავიწყებდით ტექნიკურ უნივერსიტეტი პროფესორ თემურ ჩიჩუასთან დავდიოდით, რომელიც ფიზიკის ტურნირისთვის გვამზადებდა. შემდეგ, როდესაც ელექტრომაგნიტურ ინდუქცია შევისწავლეთ და კიდევ ბევრ ინფორმაციას გავეცანით, ამ პროექტზე დავფიქრდით. მოვიძიეთ რა ინტერნეტში ანალოგი არსად არ იყო, ასე გადავწყვიტეთ შეგვექმნა ეს პროტოტიპი, რომლის საშუალებითაც კონკურსში გავიმარჯვეთ. მუშაობა სექტემბრის მეორე ნახევარში დავიწყეთ და დაახლოებით 2 თვე დაგვჭირდა. როდესაც ფინალზე გავედით მუშაობა დასრულებული არ გვქონდა. მუშაობას ახლაც განვაგრძობთ. საბოლოო ვერსია მაისისთვის მზად იქნება. ამერიკაში მივემგზავრებით გამომგონებელთა კონკურსზე, რომელიც ყოველწლიურად იმართება. ამჟამად არიზონას შტატში ჩატარდება და კონკურსი მთელს მსოფლიოს მოიცავს. გამომგონებლები სხვადასხვა ქვეყნებიდან იკრიბებიან, მოსწავლეები 7 მილიონი სკოლიდან მონაწილეობენ და კონკურსის შემდეგ ჩვეულებრივ გამარჯვებულებს გამოავლენენ. კონკურსი ძირითადად ტექნიკურ გამოგონებებსა და ინოვაციებს ეთმობა. გიორგი შარაბიძემ თავისი სავიზიტო ბარათი დაგვიტოვა და ტექნო-პარკში გავაგრძელეთ მუშაობა. მართლაც იქ გვითხრეს, რომ ამ იდეის შეფუთვასა და დაპატენტებაში დახმარებას გაგვიწევდნენ. ჯერ ბევრია სამუშაო, პროექტი დასასრულებელია და საბოლოო ჯამში გვინდა, რომ, ჩვენი გამოგონება გაყიდვაშიც გამოვიდეს. ჩვენი პროექტი ჯარისკაცებსაც გამოადგებათ და ნებისმიერ მოქალაქეს გარანტია ექნება, რომ ტელეფონი არ დაუჯდება,-აღნიშნა გიორგი შელეგიამ.