Home
Category
TV Live Menu

ქართველი სტარტაპერების მიერ შექმნილ "ჭკვიან ბეჭედს" მეტრომანისა და საბანკო გადახდების ფუნქცია დაემატება

593177eb3a02f
სალომე მეცხვარიშვილი
02.06.17 18:33
1536
ქართველი სტარტაპერების მიერ შექმნილი ჭკვიანი ბეჭდით სახელმწიფო და კერძო უწყებები დაინტერესდნენ. "საქმის კურსთან" საუბრისას კომპანია Cnick.ge-ს დამფუძნებელი გიორგი მიქაცაძე აცხადებს, რომ დაინტერესება არის როგორც ადგილობრივი ბიზნესიდან, ასევე, უცხოელი კერძო მეწარმეებისგან.

პროდუქტის პრეზენტაცია დაახლოებით ერთი თვის წინ გაიმართა. ჭკვიანი ბეჭდის აპლიკაციით შესაძლებელია, ანდროიდის ტიპის ტელეფონიდან საკონტაქტო მონაცემების, ლინკების, ტექსტების ან სხვა ნებისმიერი მცირე ზომის ინფორმაციის ჩაწერა და სხვა ტელეფონზე ერთი ხელის შეხებით გადატანა. "ქნიქი" ასევე ინახავს მფლობელის სამედიცინო ინფორმაციას, შესაძლებელია კინოთეატრისა და თუ სხვა ღონისძიებების ბილეთების ონლაინ ჩატვირთვა, სამსახურისა თუ ფიტნეს ცენტრის საშვის ჩატვირთვა და ა.შ. მას ასევე აქვს ანდროიდის სმარტფონის განბლოკვის, ფანრის გახსნის, მაღვიძარას დაყენებისა და სხვა მრავალი ფუნქცია.

Cnick.ge-ს დამფუძნებელი აცხადებს, რომ უახლოეს მომავალში ბეჭედს მეტრომანისა და საკრედიტო ბარათის ფუნქცია დაემატება.

"გვქონდა ბაზრის კვლევა ჩატარებული და გაყიდვებთან დაკავშირებით არსებული შედეგი ჩვენს მოლოდინს ემთხვევა. ამასთან, სხვადასხვა ინვესტორის მხრიდან არის დაინტერესება და შემოთავაზებები. ახლაც მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომელიც გულისხმობს როგორც ფინანსების გაზრდას, ასევე ბეჭდისთვის ახალი ფუნქციების დამატებას. ვფიქრობთ, რომ ზაფხულის ბოლოსთვის დაემატება "მეტრომანის" ფუნქცია და ბეჭედის შემდეგ ვერსიაში, რომლის გამოშვებაც წლის ბოლოსთვის იქნება შესაძლებელი, გააქტიურებული იქნება გადახდების სისტემა.

აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან იყო შემოთავაზებები. გვიკავშირდებიან ინვესტორები, რომლებსაც კორპორატიული შემოთავაზებები აქვთ და გარკვეული ფუნქციების დამატება სურთ. ასევე, ნორგვეგიაში ვიკვლევთ ბაზარს, რომელიც ძალიან საინტერესოა ჩვენი პროდუქტისთვის“,- აცხადებს გიორგი მიქაცაძე.

მისი თქმით, ნორვეგიაში რამდენიმე კომპანიასთან ჰქონდათ შეხვედრა, თუმცა, გადაწყვეტილება ხელშეკრულებაზე მიღებული არ არის.

ჭკვიანი ბეჭდის ფასი ფიზიკური პირებისთვის 99-დან 129 - ლარამდე მერყეობს.

Subscribe to our news

Get the main news of the day