ქალაქ ანაკლიაში თავისუფალი ეკონომიკური ზონები შეიქმნება. ამის შესახებ "ანალიტიკას" კომპანია "ანაკლია სითის" აღმასრულებელმა დირექტორმა ქეთი ბოჭორიშვილმა განუცხადა და აღნიშნა, რომ ქალაქის კონცეფციის შემუშავების პროცესში შეირჩევა კონკრეტული მიმართულებები.
კითხვას - "გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში უკვე არსებული თავისუფალი და ტურისტული ზონები არც ისე წარმატებულია, რა იქნება ანაკლიის ეკონომიკური ზონის წარმატების გარანტი“, ქეთი ბოჭორიშვილმა შემდეგი პასუხი გასცა:
"შემიძლია მოგიყვანოთ ქვეყნები, სადაც ასეთი ზონები წარმატებულია. ბოლო წლებში საქართველომ ძალიან კარგი კონკურენტუნარიანი გარემო დაამკვიდრა. ის, რომ ჩვენ გვაქვს თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთან, უკვე ჩინეთთან და ასევე მიმდინარეობს ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევა ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის ამოქმედებაზე, წარმოადგენს ხელსაყრელ გარემოებებს უფრო მეტი კომპანიის დასაინტერესებლად. ვფიქრობ, ინდუსტრიული ზონები მაინც ახალია ჩვენთვის, დრო სჭირდება პოპულარიზაციისთვის; კომპანიებამდე ინფორმაციები უნდა მივიტანოთ და ავუხსნათ, როგორი ბიზნეს გარემო გვაქვს", - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
მისივე თქმით, პოტენციური ინვესტორი კომპანიების პირველადი სია უკვე შემუშავებულია.
"ინვესტორებთან კონკრეტულ შეთავაზებებზე მუშაობა უკვე დაწყებულია და რამდენიმე თვე დაგვჭირდება შეთავაზებების გასაკეთებლად. გვაქვს იმ „ოქროს კომპანიების“ სია, რომელთა მოზიდვა მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს, მაგრამ ამ ეტაპზე მათ ვინაობების დასახელებისგან თავს შევიკავებ“, - აღნიშნა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა.