საქართველოში ვიზიტით ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებათა საკითხებში გენერალური დირექტორი ქრისტიან დანიელსონი იმყოფებოდა. ასოცირების ხელშეკრულება, ვიზალიბერალიზაცია, აუცილებელი რეფორმები და საქართველო-ევროკავშირს შორის არსებული ურთიერთობების პერსპექტივა, - ამ თემებზე ქრისტიან დანიელსონი ექსკლუზიურად „ანალიტიკას“ ესაუბრა.
ბატონო დანიელსონ, რა მიზნით იმყოფებით თბილისში?
ამ ჯერზე საქართველოში ჩვენი ურთიერთობების ძალიან მნიშვნელოვან მომენტში ვარ. როგორც იცით, სულ ცოტა ხნის წინ საქართველომ მიიღო ვიზალიბერალიზაცია, ივლისში საქართველო შეუერთდა ევროპის ენერგეტიკულ საზოგადოებას და ასევე, ჩვენ ვხედავთ პროგრესს ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებშიც. ჩემი ამ ვიზიტით მინდა მხარი დავუჭირო იმ გზას, რაც საქართველომ აირჩია და უფრო კონკრეტულად, იმ რეფორმებს, რომელთა განხორციელებაც იგეგმება.
კონკრეტულად რომელ რეფორმებს გულისხმობთ?
ჯერ იმას ვიტყვი, რომ საქართველომ წარმოუდგენელ პროგრესს მიაღწია ბოლო ათწლეულის განმავლობაში. ბევრი უმნიშვნელოვანესი რეფორმა უკვე გატარებულია, ახლა მთავარი ამოცანა კიდევ უფრო მეტი პროგრესის მიღწევაა. მათ შორის, აუცილებელია ბიზნესგარემოს გაჯანსაღება, სოციალურ პრობლემებზე კონცენტრირება და ეკონომიკური ზრდა. უფრო კონკრეტულად: განათლება, შრომის ბაზრის ადეკვატური უნარები, პროფესიული განათლება, სატრანსპორტო ქსელი და ინფრასტრუქტურა. ასევე -- საჯარო ადმინისტრირება ანუ როგორ არის ორგანიზებულიდა მართული საჯარო ფინანსები. და ბოლოს, თუმცა ამით მნიშვნელობა არ კნინდება -- გამართული და სამართლიანი სასამართლო.
დღეს ბიზნესწრეები, მათ შორის, ინვესტორთა საბჭოც მთავარ აქცენტს სწორედ ამ მიმართულებით სვამს. უფრო კონკრეტულად, ბიზნესდავების სწრაფი და სამართლიანი გადაწყვეტა, - თქვენც ამ პრობლემებს გულისხმობთ?
ეს არის ერთ-ერთი მთავარი რეფორმა, რომლის შესახებაც აქტიური თანამშრომლობა გვაქვს საქართველოს მთავრობასთან. სასამართლოს გამართული მუშაობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია როგორც მოქალაქეებისთვის, ისე ბიზნესისთვისაც. არაეფექტური სასამართლო ხელს უშლის ქვეყანაში ინვესტიციების შემოდინებას და ასევე, არსებულ ბიზნესს ურთულებს საქმიანობის წარმოებას.
შეიძლება ვთქვათ, რომ ჩვენს მიერ ნახსენები რეფორმების საჭიროებაც უშლის ხელს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობების ბოლომდე ათვისებას? და როდის შევძლებთ, რომ რეალურად ვიგრძნოთ ეს სარგებელი?
ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ ვაჭრობას, ვფიქრობ, საქართველოს მთავრობამ უნდა შეხედოს, როგორც ერთგვარ ჩარჩოს, თუ როგორ შეუძლია განავითაროს ქვეყნის ეკონომიკა და გაზარდოს კეთილდღეობა. მაგრამ ეს მხოლოდ ჩარჩოა. იმისთვის, რომ ქვეყანამ სრულად შეძლოს მისი ათვისება, საქართველომ აუცილებლად უნდა გაატაროს რეფორმები, გახდეს უფრო კონკურენტული, უფრო ნათლად აჩვენოს, რომ მისი ბიზნესგარემო არის მიმზიდველი და რეალობად აქციოს ევროპული ბაზრის ათვისების შესაძლებლობა. რაც შეეხება რეალურ სარგებელს, ვფიქრობ, შედეგს ჩვენ უკვე ვხედავთ. საქართველოს ექსპორტის მოცულობა ევროკავშირის ბაზარზე გაზრდილია. თუმცა მთავარი მაინც ის არის, რომ ევროპელებმაც უკვე იციან, რომ საქართველო ძალიან საინტერესო ადგილია, არა მხოლოდ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების თვალსაზრისით, არამედ, როგორც პარტნიორი ქვეყანა, როდესაც საქმე ეკონომიკას ეხება და მიდგომებს, თუ როგორ უნდა მუშაობდეს ეკონომიკა.
სტატისტიკას თუ დავაკვირდებით, ექსპორტი რუსულ ბაზარზეც მზარდია. რით შეიძლება თავი დაიცვას საქართველომ ამ ბაზარზე ზედმეტი დამოკიდებულებისგან და ზოგადად, რა მიდგომა უნდა აირჩიოს რუსეთთან მიმართებით?
ეს საქართველომ თავად უნდა გადაწყვიტოს. ჩვენი გადმოსახედიდან, ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, თუ როგორ გავაძლიეროთ ჩვენი ურთიერთობები საქართველოსთან.
თუმცა, შეგვიძლია თუ არა DCFTA განვიხილოთ, როგორც ექსპორტის დივერსიფიკაციის სერიოზული შესაძლებლობა საქართველოსთვის და რუსული ბაზრის გარკვეული ალტერნატივაც?
არა. ვფიქრობ, ეს არ უნდა იყოს მიზანი. მიზანი უნდა იყოს მეტი ინტეგრაცია ევროპულ სტრუქტურებში და რა თქმა უნდა, ევროპის ბაზარზეც. მეორე მხრივ, ეს პროცესი არ უნდა განვიხილოთ ასოცირების ხელშეკრულებიდან განცალკევებით. საქართველომ აირჩია გზა, რომელსაც ჩვენ მთელი მონდომებით ვუჭერთ მხარს. ეს არის ევროპული გზა. ასოცირების ხელშეკრულება და მისი ნაწილი - DCFTA - სწორედ ის ჩარჩოა, რომელიც ამ გზას რეალურ ნაბიჯებად აქცევს. მათ შორისაა, საკანონმდებლო რეფორმები, უფრო ეფექტური საჯარო ადმინისტრირება, სასამართლოზე უკვე ვისაუბრეთ. მაგრამ ამასთან ერთად, ეს ნიშნავს მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებას, მეტ დახმარებას სოფლის მოსახლეობისთვის, შესაძლებლობებს ფერმერებისთვის, რომლებმაც უნდა ისარგებლონ იმ ახალი ბაზრით, რომლის კარიც მათთვის უკვე ღიაა. კარგი მაგალითებიც გვაქვს: თხილი. შევხვდი მეღვინეებსაც, რომლებიც საუბრობდნენ იმ შესაძლებლობებზე, რასაც ევროპის ბაზარზე ხედავენ. ეს არის ის, რაზეც გვინდა ჩვენ გავამახვილოთ ყურადღება.
წარმატებულ მაგალითებად სულ სოფლის მეურნეობა მოგყავთ. თან დარგები, სადაც დიდწილად არის შესული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. დღეს პრაქტიკულად გადაწყვეტილია, საკონსტიტუციო დონეზე შეიზღუდოს სასოფლო-სამეურნეო მიწების მიყიდვა უცხოელებისთვის. როგორია თქვენი დამოკიდებულება?
ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ სოფლის მეურნეობის სფეროში უცხოური ინვესტიციები კარგი მოვლენაა და თავისთავად ის ფაქტიც, რომ უცხოელ ინვესტორებს ხელი არ ეშლებათ ინვესტიციების დაბანდების პროცესში, ვფიქრობ, დადებითად მეტყველებს ნებისმიერ ქვეყანაზე. მაგრამ აქვე ისიც უნდა აღვნიშნო, რომ ეს საკითხი - უცხოელების მხრიდან სასოფლო მიწების ფლობა - დებატის საკითხი გამხდარა ნებისმიერი იმ ქვეყნის შემთხვევაში, ვისაც სურდა ევროკავშირთან პარტნიორობა და თავად ევროკავშირის წევრ ქვეყნებშიც. გვესმის, რომ ეს სენსიტიური საკითხია და ვფიქრობ, ჩვენ ბოლომდე დავიცავთ ჩვენს პოზიციას, თუ რატომ ვფიქრობთ, რომ საქართველოს ინტერესშია -- ევროპელ ფერმერებს ჰქონდეთ ამ ქვეყანაში ინვესტირების შესაძლებლობა.
რუსეთზე მოკლედ ვისაუბრეთ მხოლოდ საქართველოს ჭრილში: მიუხედავად იმისა, რომ რისკად არ აღიქვამთ, საქართველოს ვაჭრობას ამ ქვეყანასთან, დასავლეთის იმ ნაწილს წარმოადგენთ, რომელმაც მხარი დაუჭირა რუსეთზე დაკისრებული სანქციების ახალ რაუნდს. როგორ ფიქრობთ, მუშაობს ეს სანქციები და რა მიმართულებით?
რუსეთის მიმართ სრულიად ცხადი პოლიტიკა გვაქვს და ამ სანქციების მიზეზიც ნათელია: ყირიმის ანექსია. ამდენად, აქ ყველაფერი ნათელია. ამის მიუხედავად, ჩვენ ვთანამშრომლობთ რუსეთთან საერთაშორისო საკითხებში და იმ შემთხვევებში, როდესაც ჩვენი ინტერესები თანხვედრილია.
გასაგებია თქვენი პოზიცია. საქართველოს რომ დავუბრუნდეთ, თქვენც ახსენეთ, რომ ქვეყანამ ბოლო ათწლეულის განმავლობაში ბევრს მიაღწია. ამას ადასტურებს სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგებიც, თუმცა საქართველოს ეკონომიკური ზრდა და ერთ სულზე შემოსავალი მაინც დაბალია. რა იწვევს თქვენი აზრით ამას?
ეს ნამდვილად გამოწვევაა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმა სწორი მიდგომაა. არსი შემდეგია: პროფესიული უნარები უნდა განვითარდეს იმისთვის, რომ ხალხი დასაქმდეს იმ სფეროებში, რაც მიეხმარება ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას; ფინანსური სექტორი უნდა განვითარდეს, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური ზრდისთვის და ზოგადად, უფრო ფართოდ, მნიშვნელოვანია მეტი კონკურენციის უზურნველყოფა და დაცვა. მთავარია, რეიტინგებში მაღალი პოზიციები ახლა პრაქტიკაში ითარგმნოს - ქვეყანაში შემოვიდეს მეტი ინვესტიცია, ბიზნესი უფრო გააქტიურდეს და ექსპორტიც გაიზარდოს.
ალბათ ღარიბ საქართველოს თანამშრომლობისთვის მდიდარი საქართველო ჯობია...
რა თქმა უნდა. ეს არის სწორედ აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში, უფრო ფართო მულტილატერალური პარტნიორობის მთავარი მიზანიც. პარტნიორობის პრიორიტეტები პრაქტიკულად ყველა ქვეყნისთვის საერთოა: ეკონომიკის ზრდა; ქვეყნების ერთმანეთთან დაკავშირება -- გაზის და ნავთობის მაგისტრალების გამო საქართველო ამ კუთხით რა თქმა უნდა ძალიან საინტერესო ქვეყანაა; ხალხებს შორის კავშირები -- განათლება, შრომის ბაზრის მოთხოვნებთან სამუშაო ძალის უნარების შესაბამისობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანაა და მმართველობა -- აქ უკვე ვახსენე სასამართლო რეფორმა და საჯარო მმართველობა. საქართველომ ნამდვილად ბევრი რამ გააკეთა ბევრი მიმართულებით, მაგრამ ჯერ კიდევ რჩება გამოწვევები -- განსაკუთრებით სასამართლო რეფორმის კუთხით.