Quartz ქართული ნატურალური კოსმეტიკის ბრენდია, რომელიც ბაზარზე 2 წლის წინ გამოჩნდა. ამ ეტაპზე კომპანია ტუჩის, ასევე სახის მოვლის საშუალებებს აწარმოებს. კომპანიის დამფუძნებელი თამარ ქვარცხავა „საქმის კურსთან“ საუბრისას ამბობს, რომ ამ ეტაპზე მათი პროდუქცია თბილისის რამდენიმე მაღაზიასა და თერაპიის სახლში იყიდება. Quartz მომხმარებელს პროდუქციას ონლაინაც სთავაზობს. თამარ ქვარცხავა პროფესიით ფარმაცევტია, თავდაპირველად კოსმეტიკის დამზადება მისთვის ჰობი იყო, თუმცა მოთხოვნის ზრდის პარალელურად წარმოების ხაზის გაკეთება გადაწყვიტა.
„ჩვენი პროდუქციის ფასი იგივეა რაც იმპორტირებულის, მაგრამ ხარისხი მაღალია, ყოველთვის ახალი დამზადებულია და რაც მთავარია ნატურალურია. ბიზნესი პირადი კაპიტალით დავიწყეთ. სამომავლოდ კი გაფართოვებას ვაპირებთ. წარმოება იმიტომ დავიწყეთ, რომ არიან ადამიანები, ვისაც ქართული პროდუქცია მოსწონს, თუმცა არიან ადამიანები ვინც ქართულ პროდუქციას ეჭვის თვალით უყურებს“, -ამბობს მეწარმე. მისივე თქმით, დღეს დამწყები ბიზნესისთვის პრობლემას წარმოადგენს ფინანსებზე წვდომა, რადგან საბანკო სესხი ხშირ შემთხვევაში ძვირია.