საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ დიმიტრ ქუმსიშვილის განცხადებით, უწყებამ "მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ" კანონ-პროექტზე შენიშვნები დააფიქსირა.
"პოზიცია და შენიშვნები დაფიქსირებულია. ჩვენი პოზიცია არის საკმაოდ მკაფიოდ ჩამოყალიბებული, სადაც ნათლად ჩანს, რომ კანონი არის გადასამუშავებელი“, - განუცხადა "ბიზნესკონტაქტს ეკონომიკის მინისტრმა.
ცნობისთვის: "მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ" კანონ-პროექტის ავტორი და ინიციატორი ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან ბერძენიშვილია. კანონპროექტის მიხედვით, მომხმარებელს უფლება აქვს, შეძენილი პროდუქცია 7 დღის განმავლობაში დააბრუნოს და გადახდილი თანხა უკან მიიღოს. დისტანციური და ქუჩაში დადებული ხელშეკრულებების შემთხვევაში კი ეს ვადა 14 დღეს შეადგენს. კანონპროექტი მომხმარებელთა ომბუდსმენის ინსტიტუტის ამოქმედებასაც ითვალისწინებს.
ბერძენიშვილის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ინიციატივასთან შენიშვნები აქვს როგორც აღმასრულებელ ხელისუფლებას, ისე - ბიზნესის წარმომადგენლებს.
"საქართველოს ბიზნეს ასოციაციის" შეფასებით, "მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ კანონპროექტი მომხმარებლებსა და ბიზნესს დააზიანებს.
"იმ ფონზე, როდესაც საქართველოში მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით უკვე არსებობს არაერთი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, ცალკეულ სექტორებში უკვე არსებობს მომხმარებელთა უფლებების დაცვის ომბუდსმენის ინსტიტუტები, ვფიქრობთ რომ ახალი, პარალელური და რაც ყველაზე მთავარია ევროკავშირის კანონმდებლობასთან შეუსაბამო რეგულაციების შემოღება მძიმე ტვირთად დააწვება ბიზნესს, მომხმარებელს და სახელმწიფო ბიუჯეტს", - აცხადებენ ასოციაციაში.