Home
Category
TV Live Menu

ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში შესვლას ინდური და თურქული ტექსტილის საწარმოები გეგმავენ

57d0fad8085ff
სალომე მეცხვარიშვილი
08.09.16 09:41
1463
ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში შესვლას ინდური და თურქული ტექსტილის საწარმოები გეგმავენ. მოლაპარაკებები მიმდინარეობს ერთ-ერთ უკრაინულ კომპანიასთანაც, რომელიც მძიმე მრეწველობის მიმართულებით აპირებს საქმიანობას, კერძოდ კი კომპანია ქუთაისში კომპრესორების წარმოებას გეგმავს. როგორც „ბიზნესკონტაქტს“ ჩინური „ჰუალინგის“ თიზ-ის დირექტორმა სოსო ნიბლაძემ განუცახადა, ინდური კომპანია დაინტერესებულია 5 000 კვადრატული მეტრი ტერიტორიით, სადაც საკმაოდ დიდი საწარმოს მოწყობა სურს და დიდ კაპიტალდაბანდებასაც აპირებს. ნიბლაძის ვარაუდით, საუბარია რამდენიმე მილიონზე.

ინდუსტრიული ზონის დირექტორი ამბობს, რომ კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრა უკვე გაიმართა და პროცესი შემდეგ ეტაპზე ინაცვლებს, რომელიც უშუალოდ მოსამზადებელ სამუშაოებს ეხება, რაც საწარმოს ტექნიკურ აღჭურვასა და კადრების მოძიებას გულისხმობს. თურქული კომპანიის შემთხვევაში საუბარია კოსტიუმების სამკერვალო საწარმოზე. ნიბლაძის თქმით, კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრა უკვე შედგა და ახლა შიდა განხილვები თურქეთში მიმდინარეობს.

კომპანია პროდუქციის გატანას თურქეთსა და ევროკავშირში გეგმავს. რაც შეეხება უკრაინული მძიმე მრეწველობის საწარმოს, ნიბლაძის ინფორმაციით, ასეთი ტიპის წარმოება საქართველოში არ არსებობს. მისივე თქმით, კომპანიასთან რამენიმე შეხვედრა უკვე გაიმართა და მოლაპარაკებები მიმდინარეობს. სოსო ნიბლაძე აცხადებს, რომ თუ მოლაპარაკებები სამივე პროექტზე წარმატებით დასრულდა, კომპანიები ოპერირებას ინდუსტრიულ ზონაში, სავარაუდოდ, 6 თვეში დაიწყებენ.

რაც შეეხება თიზ-ის დატვირთულობას, ნიბლაძე ამბობს, რომ ინდუსტრიულ ზონაში აქტიურად შედიან იმპორტიორ-ექსპორტიორი კომპანიები სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის აზერბაიჯანიდან, ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან, რომლებიც ასაწყობებენ პროდუქციას, შემდეგ კი ექსპორტზე გააქვთ. ქუთაისში "ჰუალინგის" თავისუფალი ინდუსტრიული ზონა 2015 წლის 1 ოქტომბრიდან ამოქმედდა. ჩინური კომპანია ქუთაისის ინდუსტრიულ ზონაში 30 მილიონი დოლარის ინვესტიციის ჩადებას აპირებს.
მთავრობის დადგენილების მიხედვით, ქუთაისის ავტომშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე ინდუსტრიული ზონის ფუნქციონირების ვადა 30 წელია.

Subscribe to our news

Get the main news of the day